მთავარეპისკოპოს იაკობისა და ომბუდსმენის შეხვედრა ხვალ გაიმართება - საპატრიარქო

პუბლიკა

ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით, მთავარეპისკოპოს იაკობსა და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შორის შეხვედრა ხვალ გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს პრესსამსახური ავრცელებს.

„ხვალ, 2021 წლის 17 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტში ნინოწმინდის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით შედგება შეხვედრა ბოდბელ მთავარეპისკოპოს იაკობსა (იაკობიშვილი) და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შორის”, – ნათქვამია განცხადებაში.


პატრიარქის გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის პანსიონს სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი აღარ უხელმძღვანელებს. 14 ივნისს პანსიონის ხელმძღვანელი ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი გახდა.

როგორც მთავარეპისკოპოსმა გუშინ განაცხადა, კითხვები აქვს ომბუდსმენთან და უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ ომბუდსმენმა პანსიონთან დაკავშირებით „სპეციალურად არ მოაწყო” ბოლო დროს განვითარებული მოვლენები.

„დიდი წვლილი ამ პროცესებში მიუძღვის სახალხო დამცველს, იმიტომ, რომ როდესაც ქორეპისკოპოსი ვიყავი, მაშინ უნდა გვცოდნოდა, საპატრიარქოს რა ხდებოდა და რა არა. თუ ჰქონდა ინფორმაცია… და ამდენი წელი დუმდა… მე უნდა მცოდნოდა ეგ. რადგან არ ვიცოდი, მაგის დანაშაულია, ამიტომ ვუყურებ, როგორც დამნაშავეს. რომ არ ვიცოდით ჩვენ, ეკლესიას”, – განაცხადა მან გუშინ.


საქართველოს სახალხო დამცველმა 2 ივნისს გაავრცელა განცხადება ნინოწმინდის პანსიონში სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ. ომბუდსმენის თქმით, აპარატმა ინფორმაცია გამოითხოვა პროკურატურიდან და შსს-დან. მისი თქმით, მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ‪2016-2021‬ წლებში დაწყებულია სისხლის სამართლის ოთხი საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, მათ შორის გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზეც.

სახალხო დამცველის რწმუნებულებს დღემდე არ ეძლევათ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესვლისა და კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების – ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის – შესაძლებლობა.