„თბილისში შევხვდები, კითხვებზე გამცეს პასუხი. მერე შევხედავთ" - მთავარეპისკოპოსი იაკობი ომბუდსმენზე

პუბლიკა

„მე არ ვამბობ, რომ არ ვუშვებ, თბილისში შევხვდები, იმ კითხვებზე გამცეს პასუხი, თვითონ თუ რამე კითხვები აქვს, დამისვას”, – ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელი ბოდმელი მთავარეპისკოპოსი იაკობი ამბობს, რომ სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას პანსიონთან დაკავშირებით თბილისში შეხვდება. როგორც ის ამბობს, უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ ომბუდსმენმა პანსიონთან დაკავშირებით „სპეციალურად არ მოაწყო” ბოლო დროს განვითარებული მოვლენები.

„დიდი წვლილი ამ პროცესებში მიუძღვის სახალხო დამცველს, იმიტომ, რომ როდესაც ქორეპისკოპოსი ვიყავი, მაშინ უნდა გვცოდნოდა, საპატრიარქოს რა ხდებოდა და რა არა. თუ ჰქონდა ინფორმაცია… და ამდენი წელი დუმდა… მე უნდა მცოდნოდა ეგ. რადგან არ ვიცოდი, მაგის დანაშაულია, ამიტომ ვუყურებ, როგორც დამნაშავეს. რომ არ ვიცოდით ჩვენ, ეკლესიას.

თუ სახალხო დამცველია და კონსტიტუცია აძლევს ამის უფლებას, რომ მალავდა ამდენი ხანი და ეკლესიას არ გვეუბნებოდა, მე სულ არ მაინტერესებს რას წერს თავის იმაში [ანგარიშებში], ჩვენთვის [საპატრიარქოსთვის] მოეწერა.

მე არ ვამბობ, რომ არ ვუშვებ, თბილისში შევხვდები, იმ კითხვებზე გამცეს პასუხი, თვითონ თუ რამე კითხვები აქვს, დამისვას. აბსოლუტურად ღია ვარ. არ არის პრობლემა, მერე შევხედავთ. თუ დავინახე, რომ არაა დამნაშავე და სპეციალურად არ აკეთებდა, სპეციალურად მოწყობილი არ არის, სხვანაირად [მოვეპყრობი]. თუ არა, არ ვარ ის ადამიანი, რომ ზეწოლა განახორციელოთ ჩემზე, – ამბობს მთავარეპისკოპოსი იაკობი.


პატრიარქის გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის პანსიონს სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი აღარ უხელმძღვანელებს. 14 ივნისს პანსიონის ხელმძღვანელი ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი გახდა.

საქართველოს სახალხო დამცველმა 2 ივნისს გაავრცელა განცხადება ნინოწმინდის პანსიონში სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ. ომბუდსმენის თქმით, აპარატმა ინფორმაცია გამოითხოვა პროკურატურიდან და შსს-დან. მისი თქმით, მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ‪2016-2021‬ წლებში დაწყებულია სისხლის სამართლის ოთხი საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, მათ შორის გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზეც.

სახალხო დამცველის რწმუნებულებს დღემდე არ ეძლევათ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესვლისა და კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების – ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის – შესაძლებლობა.