მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული: ჩვენ ვიყავით, ვართ და ვიქნებით ევროპა

პუბლიკა

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი, ზენონ იარაჯული რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მივიდა და შეკრებილებს სიტყვით მიმართა.

„მოვედი მე მოვედი თქვენთან, როგორც საქართველოს მოქალაქე. მოვედი თქვენთან ჩემი სისხლის და ხორცის, საქართველოს ეროვნული გმირის, ზურაბ იარაჯულის სახელით, რომელიც აფხაზეთის ომის გმირია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თქვენს წინაშე მოვედი, როგორც მოქალაქე. მე არ განვეკუთვნები არანაირ პარტიას, მე მოვედი ჩემი სინდისით თქვენთან. მე არ შემეძლო, არ მოვსულიყავი თქვენთან და არ მეთქვა, რომ ჩვენ ყველამ უნდა ვიცხოვროთ სამშობლოსთვის. ერთმანეთს უნდა გადავცეთ მშვიდობა, მით უმეტეს, ვნების შვიდეულში, როცა უფლის ჯვარცმის დღეა.

ქრისტეს სახელით ლაპარაკობს ყველა და ჯვარცმის დღეებში ცემა-ტყეპა გვაქვს […].

ჩემი მოწოდება არის ის, რომ მე მინდა გითხრათ ის, რომ თითოეული ჩვენგანის უპირველესი მოვალეობაა ვიყოთ ამ ქვეყნის მოქალაქე და ჩვენ აუცილებლად უნდა ვიყოთ მოქალაქე ამ ქვეყნის და ვიცხოვროთ ჩვენი წინაპრების არჩევანით. ჩვენ ვართ ევროპა, ვიყავით, ვართ და ვიქნებით”. – თქვა მთავარეპისკოპოსმა.

რამდენიმე დღის წინ მთავარეპისკოპოსმა განაცხადა, რომ „სახელმწიფოს მიერ პირდაპირი თუ ირიბი ქმედებით პერსონების, სოციალური ჯგუფების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების “სტიგმით მონიშვნა” არსებითად ეწინააღმდეგება ქრისტიანული მოძღვრების სულისკვეთებას და ცივილიზებული სამყაროს ზოგასაკაცობრიო ღირებულებებს”.

რუსთაველის გამზირზე, სადაც რუსულ კანონს აპროტესტებენ, სპეცრაზმმა მოქალაქეების წინააღმდეგ 4-ჯერ გამოიყენა წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი. ამასთან, არაერთხელ გამოიყენა წიწაკის სპრეი.