„მთავარი არხის" ცნობით, სატელევიზიო მაუწყებლობა დღეს საბოლოოდ შეწყდა

პუბლიკა

„მთავარი არხი“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერს, რომ არხის მაუწყებლობა დღეს საბოლოოდ შეწყდა. 

არხის ცნობით, ამ ეტაპზე მხოლოდ ციფრული დეპარტამენტი – სოციალური ქსელები და ვებგვერდი განაგრძობს მუშაობას, სატელევიზიო მაუწყებლობის შესანარჩუნებლად კი არანაირი საშუალება აღარ დარჩა.

„მთავარი არხი” მაყურებელს მადლობას უხდის.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

„მთავარი არხის“ სატელევიზიო მაუწყებლობა დღეს საბოლოოდ შეწყდა.

5 წელი და 8 თვე აქ მთავარი იყავით თქვენ, ჩვენი მაყურებელი, ქართული საზოგადოება და ის ღირებულებები, რომლებიც ჩვენ ყველას გვაერთიანებს, რომლებმაც აქამდე მოგვიყვანა; ღირებულებები, რომელთა გაღრმავებითაც ჩვენ არა მარტო ევროპის, არამედ მთელი მსოფლიოს ღირსეულ წევრად უნდა დავრჩეთ და გადავრჩეთ; ღირებულებები, რომლებსაც ასე დაუნდობლად ებრძვის და ნაბიჯ-ნაბიჯ ანადგურებს „ქართული ოცნება”.

ჩვენც ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ. ჩვენი არხის არსებობა დაარსების დღიდანვე არ იყო მარტივი. ამ გზაზე გადავიტანეთ უამრავი გამოწვევა, რასაც ბევრი, უბრალოდ, ვერ გაუძლებდა. ბევრი წარმატებაც გვქონდა და არც შეცდომებისგან ვიყავით დაზღვეული, თუმცა მათი გამოსწორებისა და არხის მუდმივი გაუმჯობესებისთვის უმძიმესი კრიზისების დროსაც კი არ დაგვიკლია ძალისხმევა.

დახურვის პირასაც არაერთხელ ვყოფილვართ ამ წლების განმავლობაში, მაგრამ „მთავარი არხის“ თითოეული თანამშრომლის პირადი თავდადებით, თავგანწირვით და ერთგულებით, რიგითი ადამიანებისა თუ ჩვენი პარტნიორების გვერდში დგომით, ზოგჯერ თქვენგან ჩარიცხული თითო ლარით ან, უბრალოდ, გამხნევებით, მაინც ყველა ჯერზე გადავრჩით და წარმოუდგენელ ვითარებაში ვინარჩუნებდით საქართველოს ყველაზე გავლენიანი და რეიტინგული კრიტიკული არხის პოზიციას. იმდენად, რომ, ხშირად, თვითონაც კი გვიკვირდა საკუთარი მოთმინებისა და მიღწევების.

ჩვენ მართლაც შეუძლებელს გავუძელით, მაგრამ, როგორც ეს საქართველოს ისტორიაში, სამწუხაროდ, ბევრჯერ ხდება, ჩვენი ციხეც შიგნიდან გატეხეს, გარე მტერი ვერ მოგვერია. ჩვენ დაგვანგრია სწორედ იმან, ვინც, თავის დროზე, ამ აუღებელი კედლების აშენებაში გვეხმარებოდა. ჩვენმა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თავისი პირადი მიზნებისა თუ შურისძიების გამო დახურვამდე მიიყვანა „მთავარი არხი“ და ამით დიდი სამსახური გაუწია რუსულ რეჟიმს.

ამ ეტაპზე მხოლოდ ჩვენი ციფრული დეპარტამენტი – სოციალური ქსელები და ვებგვერდი განაგრძობს მუშაობას. სატელევიზიო მაუწყებლობის შესანარჩუნებლად ჩვენ არანაირი საშუალება აღარ დაგვრჩა.

დიდი მადლობა, რომ გვიყურებდით და გვისმენდით „მთავარი არხის” გუნდს, რომელიც ნებისმიერ ფასად აგრძელებდა თქვენთვის მუშაობას. კადრში თუ კადრს მიღმა, ჩვენ ისევ ძველი ღირებულებებით განვაგრძობთ ბრძოლას და ყველგან და ყოველთვის მთავარი იქნებით თქვენ, ქართველი ხალხი და ჩვენი საქართველო.

მომავალ შეხვედრამდე“, – ნათქვამია განცხადებაში.


28 აპრილს არხის თანამშრომლებმა გენერალური დირექტორისგან გიორგი გაბუნიასგან მიიღეს შეტყობინება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ტელეკომპანია საქმიანობას სრულად აჩერებს.

„მთავარმა არხმა” 15 თებერვალს განაცხადა, „არხის თანადამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ ხელოვნურად შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო ამ ეტაპზე შეჩერდა ყველა გადაცემა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადიოდა და ყოველდღე დამატებით ხარჯებთან იყო დაკავშირებული”.

მაშინ ნიკა გვარამიამ თქვა, რომ „მთავარ არხს” ფული აქვს –  მის ხარჯვას აჩერებს ზაზა ოქუაშვილი.

11 დეკემბერს „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ განაცხადა, რომ არხის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, არხი დახუროს. მისი თქმით, ამას ოქუაშვილი აკეთებს რამდენიმე თვის წინ მის მიერ დანიშნული დირექტორის და „მისი დავალებების მორჩილი შემსრულებლის, გოგი ქურდაძის ხელით“.

გაბუნიას თქმით, გოგი ქურდაძე ბლოკავს ყველა ფინანსურ ოპერაციას კომპანიაში და უარს ამბობს კომპანიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კონტრაქტების გაფორმებაზე.

ამ განცხადებას უპასუხა ზაზა ოქუაშვილმა და თქვა, რომ მისი სურვილია, არხმა შეუფერხებლად განაგრძოს მუშაობა სრული შემადგენლობითა და მენეჯმენტით, „რომელიც არ ეცდება ტელეკომპანიის ხარჯზე პირადი სიმდიდრის დაგროვებას“.

ოქუაშვილი ირწმუნება, რომ ნიკა გვარამიამ და გიორგი გაბუნიამ არხი გაძარცვეს და ხელოვნურად მიიყვანეს გაკოტრებამდე.

„მთავარი არხი” 2019 წლის 17 აგვისტოს დაფუძნდა, ეთერში კი იმავე წლის 9 სექტემბერს გავიდა. არხის გუნდის დიდ ნაწილს წარმოადგენენ ადამიანები, რომლებმაც „რუსთავი 2″ დატოვეს.

2019 წლის 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ „რუსთავი 2-ის“ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, „რუსთავი 2-ის“ საქმეზე არცერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა.

ამავე დღეს საჯარო რეესტრმა ხალვაშს ტელეკომპანიის წილები დაურეგისტრირა, ახალი მფლობელის მოთხოვნით ტელეკომპანიის დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად, ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია დანიშნა. პაატა სალია დღეს „ქართული ოცნების” წევრი და იუსტიციის მინისტრია.