მთავარი ბრძოლა ოქტომბერში გვაქვს, როცა საბოლოოდ უარი უნდა ვუთხრათ ოლიგარქიულ მმართველობას- დეკანოიძე

პუბლიკა

რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისის მოვლენების ერთი წლის თავზე პარლამენტთან მოძრაობა „სირცხვილია“ პოლიტიკოსებსა და აქტივისტებთან ერთად საპროტესტო აქციას მართავს.

აქციაზე სიტყვით გამოვიდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე.

„მოგესალმებით ერთი წლის შემდეგ ისევ აქ რუსთაველის გამზირიდან, იმ სიმბოლური დღიდან ერთი წლის შემდეგ, როცა აქ თქვენი ძალისხმევით დამარცხადა პუტინის პროპაგანდა. ჩვენი იდეა, ვინც დღეს აქ არის და ვინც შარშან აქ იდგა, თავისუფალი სამშობლოა. საქართველო, სადაც რუსული გავლენა და ოლიგარქიული მმართველობა არ იქნება, სადაც იქნება კანონის უზენაესობა, თავისუფალი სასამართლო და თვისობრივად სხვა დემოკრატია. სადაც თითოეულ ადამიანს ეცოდინება რომ სახელმწიფო მის სამსახურშია და არა ოლიგარქის სამსახურში. ამიტომ ყველას უნდა ესმოდეს და ეს უნდა ესმოდეს ხელისუფლებას  – არ არსებობს ქვეყანაზე ძალა, როგორი ოლიგარქიული მმართველიც არ უნდა იყოს, რომელიც დაუპირისპირდება საქართველოს მოქალაქეების ნებას. ამიტომ მე, როგორც ადამიანი და მოქალაქე ვარ ამაყი, რომ შარშან მომიწია თქვენთან ერთად დგომა და ამაყი ვარ რომ წელსაც აქ ვდგავართ. ჩვენ ბრძოლა წინ გვაქვს, ბევრი ბრძოლა გვაქვს გადასატანი. მთავარი ბრძოლა ოქტომბერში გვაქვს, როცა საბოლოოდ უარი უნდა ვუთხრათ ოლიგარქიულ მმართველობას და რუსულ გავლენებს.“ – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.