„მთავარი“, „ფორმულა“ და „TV პირველი“ ნაცმოძრაობისგან შავი ფულით ფინანსდება“ - კობახიძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სამ ტელევიზია: „მთავარი“, „ფორმულა“ და „ტელეკომპანია პირველი“ „ნაციონალური მოძრაობისგან“ ე.წ. შავი ფულით ფინანსდება.

ირაკლი კობახიძე „პალიტრანიუსის“ ეთერში ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას ამბობს, რომ რეზოლუცია მოითხოვს ჰუმანიტარული მიზნებით სააკაშვილს საზღვარგარეთ გადაყვანას და ნიკა გვარამიას გათავისუფლებას. მისი თქმით, გვარამიას გათავისუფლების მოწოდება სამართლის პრინციპებთან აცდენაა.

კობახიძე აცხადებს, რომ ევროპელებმა იციან, რომ ეს არის არა სამი ოპოზიციური არხი, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი არხები. მისივე თქმით, ევროპაში ისიც იციან, რომ ენმ კრიმინალური ძალაა, მაგრამ მაინც ლობირებენ.

„სამივე ტელევიზიასთან მიმართებით არსებობს არა მხოლოდ საკუთრებითი ინტერესი, სამივეს პირდაპირ აფინანსებს ნაციონალური მოძრაობა შავი ფულით, ხალხისგან ნაძარცვი, სისხლიანი ფულით. „ფორმულას“ აფინანსებს კეზერაშვილი, „მთავარს“ აფინანსებს „ნაცმოძრაობა“, ნაყოფია, კეზერაშვილიც ეხმარება პერიოდულად, რაც შეეხება „ტელეკომპანია პირველს“, ძალიან მარტივად ვიცით ფაქტები, მათ შორის, ვის, როდის, რა კონვერტი ჩამოუტანეს, შავი ფული, ეს ყველაფერი ვიცით, მაგალითად, ჭუტას რა ფული მისცეს, გრიგოლიას რა ფული მისცეს და ა.შ.“, – აცხადებს კობახიძე.

წამყვანმა მას ჰკითხა, თუ „შავ ფულზე“ საუბრობს ანუ კრიმინალს აქვს ადგილი, რაზეც კობახიძემ განაცხადა, რომ არ იცის, საქმეს რა კვალიფიკაცია შეიძლება მიენიჭოს.

„მათ შორის, ხელფასები რომ კონვერტებით რიგდება, არ ვიცი, შეიძლება, ესეც კრიმინალია, მაგრამ მე ამაში ვერ ჩავერევი. მოძრაობს შავი ფული, ნაძარცვი ფული, ხალხს რაც მოჰპარეს 2004-12 წლებში, ის ფული ტრიალებს ამ ტელევიზიებში.

25 მილიონი ლარი არის ამ სამი ტელევიზიის სარეკლამო შემოსავალი, ხარჯები არის სამჯერ მეტი, დაახლოებით. საიდან ფინანსდებიან? ამიტომ არიან ნაცმოძრაობის კუთვნილი ტელევიზია სამივე.

არ ვიცი, შეიძლება, ეს არის საგადასახადო დანაშაული, ამას მე კვალიფიკაციას ვერ მივცემ, ეს არის საგამოძიებო ორგანოების საქმე. აქ რომ შევიდეს საგამოძიებო ორგანო, მერე შეიძლება ფოტიგას და ვიოლა ფონ კრამონს კითხვები გაუჩნდეთ, რომ ე.წ. ოპოზიციური არხებით დაინტერესდნენ სამართალდამცავები“, – აცხადებს კობახიძე

LB loan image desktop LB loan image mobile