მთავარი გზავნილი უნდა იყოს ხელისუფლების გადაცემა მშვიდობიანად, ამაზე უფრო დეოლიგარქიზაცია არ არსებობს - გვარამია

პუბლიკა

სააპელაციო სასამართლომ დღეს, 18 ივლისს, „რუსთავი 2-ის“ ეპიზოდზე ნიკა გვარამიას საქმის განხილვა დაიწყო.

საქმეზე ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა, „რუსთავი 2-ის“ ყოფილმა დირექტორმა და „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ ვრცელ გამოსვლაში ისაუბრა საქალაქო სასამართლოში მისი საქმის განმხილველ მოსამართლეზე, ლაშა ჩხიკვაძეზე, „მთავარ არხში“ სავარაუდო მიყურადების საქმესა და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე.

ნიკა გვარამიამ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელზე, ბიძინა ივანიშვილზე, დეოლიგარქიზაციასა და „ქართული ოცნების“ მიერ ხელისუფლების დათმობის გზებზეც ისაუბრა.

ნიკა გვარამიას განცხადებით, მალე ივანიშვილი მიიღებს და შეეგუება იმ ფაქტს, რომ ევროკავშირი მისი ხელისუფლების წინააღმდეგია და როგორც გვარამია ამბობს, ამ დროისთვის ოპოზიცია ივანიშვილთან სალაპარაკოდ მზად უნდა იყოს.

„ამ დროისთვის ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ მას ველაპარაკოთ. ველაპარაკოთ ერთადეთ რამეზე – ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემაზე. ეს არის ერთადერთი, რაზეც ღირს ლაპარაკი და აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ, რადგან კი, ჩვენ  შეგვიძლია შევცვალოთ ივანიშვილის ხელისუფლება ბევრი სხვა ფორმით, მაგრამ ეს დაჯდება ქვეყნისთვის ძალიან ძვირი, ისტორიულად უმძიმესი ფასის გადახდა შეიძლება მოგვიწიოს. ჩვენ ეს არ გვინდა, ჩვენს ქვეყანას ეს არ უნდა.

მთავარი გზავნილი უნდა იყოს ხელისუფლების გადაცემა მშვიდობიანად, ამაზე უფრო დეოლიგარქიზაცია არ არსებობს. ძალიან სასაცილოა დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება. კანონებით მიღწეული გარღვევები კიდევ იშვიათი რამ არის. კანონები არ არის კრიზისების განმუხტვის ეფექტური საშუალება“, – ამბობს გვარამია.


ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებით, მაისში სასამართლომ ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ასევე, დააკისრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით.