„მთავარმა არხმა“ აზერბაიჯანულენოვანი ინტერვიუები შეგნებულად არასწორად თარგმნა - სუს-ი

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს განცხადებას „მთავარი არხის” ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით.

საუბარია სიუჟეტზე, სადაც „მთავარი არხის“ ცნობით, რამდენიმე ადამიანი ამბობს, რომ  მათი ოჯახის წევრები სხვა დაავადებით გარდაიცვალნენ, თუმცა მათ სთავაზობდნენ, რომ გარდაცვალების მიზეზად COVID-19 ვირუსის ჩაწერას დასთანხმებოდნენ. ამის სანაცვლოდ კი თანხას სთავაზობდნენ.

სუს-ი აღნიშავს, რომ დღეს უწყებაში მოწმის სახით გამოიკითხნენ ის პირები, რომელთა ინტერვიუებიც, ტელეკომპანია „მთავარმა არხმა” გააშუქა. უწყების განცხადებით, მოქალაქეებმა განაცხადეს, რომ მათ ამგვარი რამ არ უთქვამთ ჟურნალისტებისთვის და „მთავარმა არხმა“ მოახდინა მათი აზერბაიჯანულენოვანი ინტერვიუების შეგნებულად არასწორი თარგმანი.

„მოქალაქეებმა, რომლებიც სიუჟეტში არიან ნაჩვენები, გამოკითხვის დროს განაცხადეს, რომ ტელეკომპანია „მთავარი არხის” მიერ მომზადებულ სიუჟეტში, მათი ინტერვიუები იყო დამონტაჟებული. კერძოდ, მათ ჟურნალისტს განუცხადეს, რომ არ ფლობენ ინფორმაციას მედპერსონალისა და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებისათვის გარკვეული ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, სიკვდილის მიზეზად ახალი კორონავირუსის დასახელების თაობაზე. მიუხედავად აღნიშნულისა, ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ მოახდინა მათი აზერბაიჯანულენოვანი ინტერვიუების შეგნებულად არასწორი თარგმანი და მოახდინა ფაქტების დიამეტრულად განსხვავებული ინტერპრეტაციით გაშუქება, რის გამოც აღნიშნულმა პირებმა გამოხატეს დიდი უკმაყოფილება და მოითხოვეს ფაქტზე სამართლებრივი რეაგირება”, – წერს სუს-ი.

უწყების თქმით, აღნიშნული ქმედებით ტელეკომპანია „მთავარი არხი“, ერთი მხრივ, შეეცდებოდა ხელისუფლების დისკრედიტაციას და დაადანაშაულებდა მას მიზანმიმართულ უკანონო ქმედებაში, ხოლო, მეორე მხრივ, საზოგადოებაში დათესავდა დაუცველობის განცდას და მსოფლიოში გამოცხადებული ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე, საქართველოს მოსახლეობის დეზინფორმირების გზით, უარყოფით ზემოქმედებას მოახდენდნენ მოქალაქეების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, რაც თავის მხრივ გამოიწვევდა მათ სამართლიან პროტესტს და ხელს შეუშლიდა სახელმწიფო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების შეუფერხებელ ფუნქციონირებას.