კორონავირუსზე ცნობის შესაძლო გაყალბების შესახებ სიუჟეტის რესპონდენტები სუს-ში გამოიკითხებიან

პუბლიკა

სახელწმიფოს უსაფრთხოების სამსახურში საბოტაჟის მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში „მთავარი არხის“ ეთერში 20 ივნისს გასული სიუჟეტის რესპონდენტები გამოკითხვაზე დაიბარეს.

საუბარია სიუჟეტზე, სადაც „მთავარი არხის“ ცნობით, რამდენიმე ადამიანი ამბობს, რომ  მათი ოჯახის წევრები სხვა დაავადებით გარდაიცვალნენ, თუმცა მათ სთავაზობდნენ, რომ გარდაცვალების მიზეზად COVID-19 ვირუსის ჩაწერას დასთანხმებოდნენ. ამის სანაცვლოდ კი თანხას სთავაზობდნენ.

როგორც „პუბლიკას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უთხრეს სიუჟეტში მონაწილე პირების გამოკითხვა, კორონავირუსზე ცრუ SMS -ების დაგზავნაზე 19 მარტს საბოტაჟის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში მოხდება.

სუს-ში ამბობენ, რომ, რადგან ამ სიუჟეტშიც კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაციის შესაძლო გაყალბებაზეა საუბარი, ამიტომ დაიბარეს გამოკითხვაზე რამდენიმე ადამიანი. სამსახურში არ გამორიცხავენ, რომ „მთავარი არხის“ ჟურნალისტების გამოკითხვაც მოხდეს.


რაც შეეხება ე.წ. ცრუ SMS-ების საქმეს, სუს-ის განცხადებით, პირთა ჯგუფმა, საქართველოს რიგ მოქალაქეებს, „მთავრობის” და „ჯანდაცვის” სახელით გაუგზავნა ცრუ შეტყობინებები.

სუს-ის ინფორმაციით, პირთა ჯგუფი შეეცადა მსოფლიოში გამოცხადებული ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე, დეზინფორმირების გზით, უარყოფითი ზემოქმედება მოეხდინათ მოსახლეობის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და დაეთესათ პანიკა და ქაოსი. გამოძიება 19 მარტს საბოტაჟის მუხლით დაიწყო.

16 მარტს ჯანდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ მოქალაქეთა ნაწილს მოკლე ტექსტური შეტყობინებით დაეგზავნა ინფორმაცია, თითქოს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის საკარანტინე ზონად გამოცხადება იგეგმებოდა.