მთავრობა: 2023 წლიდან მედიკამენტების ნაწილზე რეფერენტული ფასები დაწესდება

პუბლიკა

2023 წლიდან წამლებზე რეფერენტული ფასები დაწესდება – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრესრელიზის მიხედვით, დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე იმსჯელეს.

რეფერენტული ფასების დაწესება ნიშნავს ზღვრის დადგენას. სახელმწიფო ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს ადგენს, რომელზე ძვირადაც დაუშვებელი იქნება მედიკამენტის რეალიზაცია.

მთავრობის ცნობით, წინასწარი გათვლებით, რეფერენტული ფასების დაწესება, საშუალოდ, 40%-ით გააიაფებს წამლების ღირებულებას. პირველ ეტაპზე რეფერენტული ფასები ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დაწესდება. ეტაპობრივად კი ფასების რეგულირების მექანიზმი სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც გავრცელდება.

გარე რეფერენტული ფასწარმოქმნის ინსტრუმენტი მედიკამენტების ფასების რეგულირების ერთ-ერთი ინსტრუმენტია. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო დააწესებს ზედა ზღვარს, რა ფასად უნდა მოხდეს მედიკამენტების გაყიდვა ან მათი იმპორტი. ფასები კი სხვა ქვეყნებთან შედარების საფუძველზე, კონკრეტული ფორმულით დადგინდება. ჯერ უცნობია, რომელი ქვეყნის ფასებს აიღებს საქართველოს ხელისუფლება მედიკამენტებზე რეფერენტული ფასის დასადგენად, ასევე უცნობია, გამოთვლის რომელ მეთოდს გამოიყენებენ.

LB loan image desktop LB loan image mobile