საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2024 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი პოლიტიკა და პედაგოგთა ანაზღაურება გაიზრდება.
კერძოდ, მთავრობის განცხადებით, ახალი სახელფასო სისტემა ითვალისწინებს მასწავლებლის მიერ ჩატარებული საგაკვეთილო საათების რაოდენობას, სამუშაო სტაჟს, აკადემიურ ხარისხს და არსებულ სტატუსებს.
შესაბამისად, როგორც მთავრობა ამბობს, ახალი პოლიტიკის თანახმად, საჯარო სკოლის ყველა სტატუსიან მასწავლებელს და სპეციალურ მასწავლებელს ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება.
მთავრობა აცხადებს, რომ დღეს სისტემაში დაახლოებით 52 000-ზე მეტი პედაგოგია და მათგან საშუალოდ:
- 500 ლარით ხელფასი ეზრდება – 21 000-მდე მასწავლებელს;
- 600 ლარით – 8000-მდე მასწავლებელს;
- 700 ლარით – 5000 -მდე მასწავლებელს;
- 800 ლარით – 3000 – მდე პედაგოგს, რაც ჯამში მასწავლებელთა 70%-ზე მეტს შეადგენს.
მთავრობისვე განცხადებით, სახელფასო რეფორმის პარალელურად იწყება მუშაობა კარიერული სქემის განვითარებაზე.
„ამ მიზნით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში იქმნება სპეციალური ინკლუზიური კომისია ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით. საერთაშორისო გამოცდილებასა და ადგილობრივ კვლევებზე დაფუძნებულ გაუმჯობესებულ მოდელს სამუშაო ჯგუფი მიმდინარე წლის ბოლომდე შეიმუშავებს”. – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.