საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ გამოთქვამს „ღრმა წუხილსა და შეშფოთებას უკრაინის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზე”.
საქმე ეხება საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრისა და ყოფილი გენპროკურორის, ზურაბ ადეიშვილის ყოფნას უკრაინის ოფიციალურ დელეგაციაში ევროკავშირსა და გერმანიის რესპუბლიკაში ვიზიტის დროს.
„გვინდა, გამოვთქვათ ღრმა წუხილი და შეშფოთება იმ დამოკიდებულების გამო, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება უკრაინის მეგობარი ქვეყნის – საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ ავლენს.
გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინა ომშია ჩართული და რუსეთის სამხედრო აგრესიისგან იცავს თავს, უკრაინის ხელისუფლების ამ დამოკიდებულების შესახებ პოზიციის დაფიქსირებისგან დიდი ხნის განმავლობაში ვიკავებდით თავს. თუმცა, ბრიუსელსა და ბერლინში უკრაინული დელეგაციის შემადგენლობაში ზურაბ ადეიშვილის ვიზიტის შემდეგ, იძულებული ვართ, ჩვენი პოზიცია მკაფიოდ გამოვხატოთ”, – წერია მთავრობის განცხადებაში.
„ქართული ოცნების” ხელისუფლება აცხადებს, რომ გასული 2 წლის განმავლობაში საქართველო ურყევად უცხადებდა სოლიდარობას უკრაინის სახელმწიფოსა და უკრაინელ ხალხს და გმობდა რუსეთის სამხედრო აგრესიას ჩვენ მეგობარ ქვეყანაში.
მთავრობის თქმით, ამ ფონზე „დასანანი და ღრმად შემაშფოთებელია უკრაინის ხელისუფლების მთელი რიგი გადაწყვეტილებები, რომლებიც უხეშად უპირისპირდება ტრადიციულ მეგობრობას, რომელიც ორ ქვეყანასა და ხალხს შორის არის ჩამოყალიბებული”.
- უკრაინის ხელისუფლებამ, სანქციების არდაწესებისა და უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების არგაგზავნის გაუგებარი საბაბით, 2022 წლის 1 მარტს საქართველოდან გაიწვია უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში;
- უკრაინის ხელისუფლებამ, მიხეილ სააკაშვილის მომაკვდავ მდგომარეობაში ყოფნის ყალბი საბაბით, 2023 წლის 3 ივლისს უკრაინა დაატოვებინა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უკრაინაში. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ელჩი იყო ერთ-ერთი იმ იშვიათ უცხოელ დიპლომატთაგანი, რომელიც ომის დაწყების დღიდან კიევში დარჩა და უკრაინას ერთი დღითაც არ ტოვებდა;
- უკრაინის ხელისუფლებამ გაავრცელა არაერთი განცხადება მიხეილ სააკაშვილის შესახებ, რომელიც მისი პატიმრობის, თითქოსდა, პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებდა, მათ შორის, გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ „რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავდა მიხეილ სააკაშვილს“;
- უკრაინის ხელისუფლებაში დღემდე მაღალ თანამდებობებს ინარჩუნებენ პირები, რომლებზეც გამოცხადებულია ძებნა ან რომლებსაც შეფარდებული აქვთ სასჯელი სხვადასხვა დანაშაულისთვის. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩევლის თანამდებობაზე ზურაბ ადეიშვილისა და უკრაინის კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე გიორგი ლორთქიფანიძის ყოფნა”.
- საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ „გაუგებარია, რატომ იღებს უკრაინის ხელისუფლება იმგვარ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ორი მეგობარი ქვეყნისა და ხალხის ერთმანეთისგან ხელოვნურად დაშორებისკენ არის მიმართული”.
განცხადების თანახმად, „ქართული ოცნების” ხელისუფლება გამოთქვამს იმედს, რომ უკრაინის ხელისუფლება თავის გადაწყვეტილებებს გადახედავს.
„ურთიერთობის მოსაწესრიგებლად მნიშვნელოვანი და აუცილებელია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ.
ღრმად გვწამს, რომ როგორი გადაწყვეტილებებიც არ უნდა მიიღონ პოლიტიკოსებმა, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ისტორიულ მეგობრობას ვერაფერი შეარყევს”. – აცხადებს საქართველოს მთავრობა.