მთავრობა მომდევნო 15 წელიწადში ეტაპობრივად მეტროს 212 ვაგონს იყიდის

პუბლიკა

საქართველოს მთავრობის განცხადებით, თბილისის მეტროს ვაგონების გასაახლებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 475 მლნ ევრო გამოიყოფა.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 212 ერთეული თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მეტროს ვაგონის შესყიდვა, რომლებიც ეტაპობრივად მოეწოდება და არსებულ მოძველებულ მატარებლებს ჩაანაცვლებს შემდეგი 15 წლის განმავლობაში .

კალაძის განმარტებით, 212 ვაგონი ჯამში 45 მატარებელია.

„პროექტის მიხედვით, 13 ერთეული 4-ვაგონიანი მატარებელი საბურთალოს ხაზისთვის იქნება განკუთვნილი, ხოლო 32 ერთეული 5-ვაგონიანი მატარებელი ახმეტელი-ვარკეთილის ხაზისთვის გამოიყოფა“, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

თბილისის მერის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე უახლოეს დღეებში გამოცხადდება ბაზრის კვლევა, ამის შემდეგ კი საერთაშორისო ტენდერი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეეძლება მეტროს ვაგონებისა და საგარეუბნო მატარებლების მწარმოებელ, მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე უცხოურ კომპანიებს.