საქართველოს მთავრობამ შესაბამისი დადგენილებით პირბადის ტარების წესი დაამტკიცა.
დადგენილებაში პირბადის ფორმასთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ პირბადე სრულად უნდა ფარავდეს ცხვირსა და პირს, დაფიქსირებული უნდა იყოს ნიკაპსა და ცხვირზე. პირბადის გამოყენებისას აუცილებელია ხელის ჰიგიენის დაცვა. დაუშვებელია ერთი პირბადის ერთზე მეტი პირის მიერ გამოყენება.
პირბადის გამოყენება აუცილებელია:
დახურულ საჯარო სივრცეში, კერძოდ:
► საჯარო და კერძო დაწესებულებების მისაღებში; ასევე შეხვედრებზე/თავშეყრისას, როდესაც შეუძლებელია 2 მეტრის სოციალური დისტანციის დაცვა;
► საერთო სარგებლობის ლიფტებში;
► სავაჭრო ობიექტებში;
► ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში;
საზოგადოებრივ ტრანსპორტში (მათ შორის, მეტროპოლიტენში) და ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას;
►ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
► ამ წესის მიზნებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი გულისხმობს მგზავრთა გადაყვანას სატრანსპორტო საშუალებით (საავტომობილო (M2, M3 კატეგორია), სარკინიგზო, მეტროპოლიტენი, საბაგირო). მათ შორის იგულისხმება როგორც ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა, აგრეთვე, საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანა ორ ან მეტ მუნიციპალიტეტს ან/და ქალაქს შორის.
ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში დასაშვებია როგორც სამედიცინო, ასევე არასამედიცინო პირბადის გამოყენება.
სამედიცინო პირბადე
სამედიცინო პირბადე განკუთვნილია სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი პერსონალისთვის. ერთჯერადი გამოყენების სამედიცინო პირბადის საწყისი ფილტრაციის მაჩვენებელია წვეთოვანი ნაწილაკების არანაკლებ 95%-ის შეკავების უნარი. სამედიცინო პირბადე შედგება შემდეგი ნაწილებისგან:
ა) სითხეებისადმი რეზისტენტული ქსოვილი (რომელიც ეფექტურია მტვრისა და სხვა მიკრონაწილაკების შესაკავებლად);
ბ) რეგულირებადი ცხვირის ფირფიტა (რომელიც საჭიროა ცხვირსა და სახეს შორის სიცარიელის შესავსებად);
გ) ფილტრის შრე;
დ) კანთან საკონტაქტო ფენა;
ე) ყურის ელასტიკური მარყუჟები.
არასამედიცინო პირბადეს წარმოადგენს სხვადასხვა ქსოვილისგან დამზადებული ნიღბები. მსგავსი პირბადის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ინფექციის წყაროს კონტროლისათვის (ანუ დაავადებული ადამიანისგან ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით) და შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც თავდაცვის საშუალება საყოფაცხოვრებო პირობებში.
არასამედიცინო პირბადის მახასიათებლებია:
– პირბადის ქსოვილი: სხვადასხვა ქსოვილის პირბადეების ფილტრაციის ეფექტურობა მერყეობს 0,6%-დან 70%-მდე. მასალა არ უნდა იყოს წელვადი;
– შრეების რაოდენობა: რეკომენდებულია პირბადეს ჰქონდეს არანაკლებ სამი შრისა ფილტრაციის უნარის გასაზრდელად. შიდა შრე უნდა იყოს ჰიდროფილური და უზრუნველყოფდეს გამოყოფილი ნაწილაკების შეჩერებას, ხოლო გარე შრე – ჰიდროფობური, რათა მოახდინოს მის ზედაპირზე მოხვედრილი ნაწილაკების შეკავება;
ჯარიმები პირბადის ტარების წესის დარღვევაზე:
1. პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით.
2. პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის არმქონე პირის დაშვება − გამოიწვევს დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 500 ლარით.
3. პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენით, გადაადგილებისას ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირბადის ტარების წესის დარღვევა − გამოიწვევს ამ წესის დამრღვევის დაჯარიმებას 20 ლარით.
4. პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირბადის ტარების წესის დარღვევა − გამოიწვევს ამ წესის დამრღვევის დაჯარიმებას 20 ლარით.