პირბადის ტარების წესის დარღვევაზე პარლამენტმა ჯარიმა დააწესა

ქეთი გოგუაძე

დღეს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით 76 ხმით მიიღო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც პირბადის წესის დარღვევაზე ჯარიმას განსაზღვრავს. პროექტის საბოლოო რედაქტირებული ვარიანტით განისაზღვრა:

► დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით; 

► პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის არმქონე პირის დაშვება − გამოიწვევს დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 500 ლარით; 

► პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენით, გადაადგილებისას ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირბადის ტარების წესის დარღვევა − გამოიწვევს ამ წესის დამრღვევის დაჯარიმებას 20 ლარით;

► პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს ტაქსით გადაადგილებისას ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირბადის ტარების წესის დარღვევა −  გამოიწვევს ამ წესის დამრღვევის დაჯარიმებას 20 ლარით;

კანონპროექტში შენიშვნის სახით მითითებულია, რომ ამ მუხლით გათვალისწინებულ პირბადის ტარების წესს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგენს მთავრობა ან მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო.