მთავრობამ პრეზიდენტს უკრაინასა და 9 ქვეყანაში ვიზიტზე უარი უთხრა

პუბლიკა

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მთავრობამ ბოლო პერიოდში 10 ქვეყანაში ოფიციალური თუ სამუშაო ვიზიტის განხორციელებაზე უთხრა უარი. მათ შორის, უარი უთხრეს უკრაინაში ვიზიტზე.

მთავრობის ადმინისტრაცია ამჯერად ზურაბიშვილის გერმანიაში დაგეგმილ ვიზიტს განცხადებით გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტმა ამ ვიზიტზე უარი მთავრობისგან 3 აგვისტოს წერილობით მიიღო.

მთავრობის განმარტებით, კონსტიტუციის შესაბამისი მუხლის მიხედვით, საგარეო ურთიერთობებში პრეზიდენტი წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს მხოლოდ მთავრობის თანხმობით ახორციელებს და ასევე, კონსტიტუციის 54-ე მუხლის შესაბამისად, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელება არის საქართველოს მთავრობის უფლებამოსილება.

„გვსურს გამოვეხმაუროთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საქართველოს მთავრობას აღნიშნულ ვიზიტთან დაკავშირებით წინადადებით 2023 წლის 12 ივლისს მიმართა, რაზეც საქართველოს მთავრობის განკარგულებით 2023 წლის 3 აგვისტოს ოფიციალურად, წერილობით ეთქვა უარი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი მუხლის თანახმად.

ასევე, პრეზიდენტს ოფიციალურად, წერილობით ეთქვა უარი 22-24 აგვისტოს უკრაინაში, 16 სექტემბერს შვეიცარიის კონფედერაციაში, 2-3 ოქტომბერს პოლონეთის რესპუბლიკაში, 4-6 ოქტომბერს ბელგიის სამეფოში, 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით დანიის სამეფოში და 1-2 დეკემბერს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამუშაო ვიზიტებზე.სალომე ზურაბიშვილს ასევე უარი ეთქვა 27-29 სექტემბერს ბულგარეთის რესპუბლიკაში, 10-12 დეკემბერს ჩეხეთის რესპუბლიკაში და 18-20 დეკემბერს ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალურ ვიზიტებზე.

შევახსენებთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, ვინაიდან კონსტიტუციის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელება საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებაა”, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დღეს, 30 აგვისტოს, დილით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს. ადმინისტრაციის ცნობით, პირველი შეხვედრა 31 აგვისტოს, ბერლინში, გერმანიის პრეზიდენტთან – ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან გაიმართება.