მთავრობამ რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

პუბლიკა

საქართველოს მთავრობამ რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. მთავრობის ინფორმაციით, გეგმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა რუსთავის სამრეწველო ზონაში მდებარე ყველა უმსხვილესი საწარმოს სრული ინსპექტირებისა და  ჰაერის ხარისხის მონიტორინგის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეიმუშავა.

სამოქმედო გეგმის მიზანია რუსთავსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება.

მთავრობაში ამბობენ, რომ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა სამრეწველო გაფრქვევების რეგულაციის კუთხით გაწერილ შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს:

  • სამრეწველო ობიექტებიდან გადაჭარბებული გაფრქვევებისთვის ჯარიმების მნიშვნელოვნად გაზრდა;
  • მსხვილ საწარმოებში გაფრქვევების უწყვეტი ავტომატური მონიტორინგის დაწესება;
  • გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის გაფრქვევების მნიშვნელოვნად გადაჭარბების შემთხვევაში საწარმოს გაჩერების უფლების მინიჭება;
  • სამრეწველო სექტორის გაფრქვევების რეგულირების თანამედროვე ევროპული საკანონმდებლო ბაზის შემუშავება;
  • უფრო აქტიური გარემოსდაცვითი ზედამხედველობის განხორციელება მსხვილ სამრეწველო საწარმოებზე;

„აღსანიშნავია, რომ  რუსთავის შემთხვევაში აღნიშნული მოთხოვნები არსებულ 25 მსხვილ საწარმოზე, ხოლო ქვეყნის მასშტაბით 100-ზე მეტ სამრეწველო ობიექტზე  გავრცელდება. ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, საწარმოებს ობიექტებზე თანამედროვე მტვრის შემაკავებელი ფილტრაციის სისტემების დაყენება და გაფრქვეული ნივთიერებების მონიტორინგი დაევალებათ.

გეგმის ბიუჯეტი 62 მლნ ლარს აღემატება.  მნიშვნელოვანია, რომ სამრეწველო გაფრქვევების რეგულირებასთან ერთად, გეგმა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს, როგორიცაა ქალაქში გამწვანებული არეალების გაზრდა, საგზაო ინფრასტრუქტურის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესება, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაფართოება და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, “- ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.