მთავრობამ საპარტნიორო ფონდის შესახებ კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხი განიხილა

პუბლიკა

მთავრობა საპარტნიორო ფონდის სტრუქტურული ოპტიმიზაციისა და რებრენდინგის საკითხებზე მუშაობს.

20 ივნისის მთავრობის სხდომის დღის წესრიგში ერთ-ერთი საპარტნიორო ფონდის შესახებ კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხი განიხილეს.

ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებული რელიზის მიხედვით, იგეგმება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების რეკომენდაციებთან შესაბამისი, თანამედროვე კორპორაციული მმართველობის მოქნილი სისტემის მქონე ორგანიზაციის ჩამოყალიბება.

„ცვლილებები, რომლებზეც აღმასრულებელი ხელისუფლება მუშაობს, ფონდს მისცემს მეტ მოქნილობას განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტების შერჩევისა და შეფასებისას, გააუმჯობესებს ზოგადად ფონდის მმართველობის სისტემას, უზრუნველყოფს მსოფლიოში არსებული კორპორაციული მართვის საუკეთესო სტანდარტების დანერგვას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ფონდის მომავალ საქმიანობაში სახელმწიფო მხოლოდ აქციონერის როლში იქნება, სამეთვალყურეო საბჭო კი, ნაცვლად მთავრობის წევრებისა, დამოუკიდებელი პირებისგან დაკომპლექტდება“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საპარტნიორო ფონდის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სააქციო საზოგადოება საპარტნიორო ფონდის მმართველობითი ორგანოებია სამეთვალყურეო საბჭო და აღმასრულებელი ორგანო. ფონდის საკონსულტაციო ორგანოა საინვესტიციო საბჭო.

სამეთვალყურეო საბჭო, არსებული კანონით, შედგება მთავრობის წარმომადგენლებისა და კერძო სექტორიდან მოწვეული პირებისგან. სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს პრემიერი, საბჭოს შემადგენლობას კი მთავრობა განსაზღვრავს. სამეთვალყურეო საბჭო, საინვესტიციო საბჭოს მიერ წარდგენილი წინადადებებისა და რეკომენდაციების საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას პროექტის დაფინანსების შესახებ. სამეთვალყურეო საბჭო ახორციელებს დამტკიცებული პროექტის მართვის მონიტორინგს, ასევე ფონდის წესდებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

საპარტნიორო ფონდს დავით საგანელიძე ხელმძღვანელობს.

საპარტნიორო ფონდის აქტივები მისი უკანასკნელი ანგარიშგების თანახმად 4.6 მილიარდი ლარი, ვალდებულებები კი 3.17 მილიარდი ლარია. ამჟამად ფონდის საკუთრებაში საქართველოს რკინიგზა და ნავთობის და გაზის კორპორაციაა.