ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მთავრობას შემოსავლის გარეშე დარჩენილი ხალხისთვის დროებითი შემწეობის დანიშვნისა და სოციალური დაცვის პროგრამის შემუშავებისკენ მოუწოდებს.
EMC-ის განცხადებით, კორონავირუსისგან გამოწვეული კრიზისის დასაძლევად აქამდე მიღებული ზომების დიდი ნაწილი დამსაქმებლებს აძლევდა შეღავათებს. არადა, ხელისუფლებამ შემოსავლის გარეშე დარჩენილ რიგით მოქალაქეებზეც უნდა იზრუნოს.
„მნიშვნელოვანია სახელმწიფომ დაუყოვნებლივ შეიმუშავოს და დანერგოს დროებითი სოციალური შემწეობის მოქნილი პროგრამა, რომელიც შემოსავლის გარეშე დარჩენილ ადამიანებს იმ შემოსავლით უზრუნველყოფს, რაც მათი პირველადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას სჭირდება“, – წერს EMC და მოუწოდებს მთავრობას, ეს შემწეობა არ განსაზღვროს საარსებო მინიმუმის მიხედვით, რადგან საქართველოში მოქმედი საარსებო მინიმუმი ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილებას ვერ უზრუნველყოფს.
არასამთავრობო ორგანიზაცია წერს, რომ საქართველოში რიგითი მოქალაქეებისთვის სიტუაციას გამართული დაზღვევისა და უმუშევრობის შემწეობის არ არსებობაც ამძიმებს. ამიტომ ხელისუფლებამ პოსტკრიზისულ პერიოდში უნდა გაითვალისწინოს ევროპული გამოცდილება და მოქალაქეთა სოციალური დაცვისთვის ეს მექანიზმებიც დანერგოს.
„საერთაშორისო გამოცდილებისა და სოციო-ეკონომიკური და შრომითი ბაზრის კონტექსტის გათვალისწინებით შესაძლებელია ისეთი უმუშევრობის შემწეობისა და/ან დაზღვევის სისტემის შექმნა, რომელიც ადგილობრივ საჭიროებებსა და გამოწვევებს გაითვალისწინებდა და კრიზისულ ვითარებაში მინიმალური სოციალური კეთილდღეობის მაქსიმალურ გარანტიებს უზრუნველყოფდა“, – წერს EMC.