„საქართველოს საეჭვო განაცხადი ევროკავშირში წევრობისთვის“, – ამ სახელწოდებით, 20 მაისს ევროპული პოლიტიკის კვლევების ცენტრმა (CEPS) გამოაქვეყნა მოსაზრება საქართველოს ევროკავშირში გაწევრების განაცხადთან დაკავშირებით.
მანამდე ორგანიზაციამ უკრაინისა და მოლდოვის შესახებაც გამოაქვეყნა მოსაზრება, რომელშიც დასკვნის სახით ნათქვამი იყო, რომ ევროკავშირმა უნდა გაავრცელოს „კანდიდატის“ სტატუსი ორივე მათგანზე.
მათი თქმით, საქართველოს სიტუაცია პარადოქსულია. CEPS ერთი მხრივ, დადებითად აფასებს და შთამბეჭდავს უწოდებს ასოცირების ხელშეკრულების ეკონომიკური ნაწილისა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების იმპლემენტაციას, რომელშიც ქვეყანამ აჯობა უკრაინასა და მოლდოვას; აცხადებს, რომ საქართველოს უკეთესი შედეგი აქვს კორუფციის აღმოფხვრის ნაწილში, ვიდრე ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანას.
მეორე მხრივ კი, მათი თქმით, ქვეყნის პოლიტიკური რეჟიმი წლების განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს – დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებისა და კანონის უზენაესობის შესახებ.
„პრობლემის ცენტრშია პოლიტიკური ძალაუფლების ოლიგარქთან, ბიძინა ივანიშვილთან კონცენტრაცია, რომელიც არ არის არჩეული და არც პასუხისმგებლობა არ აქვს და რომელიც განასახიერებს სახელმწიფოს ხელში ჩაგდების პარადიგმას“, – აღნიშნავს კვლევითი ცენტრი.
CEPS აპელირებს 2018 წლის „არჩევნებისთვის ხმების ყიდვაზე“, ოპოზიციონერი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებასა და ოპოზიციური პარტიების საპარლამენტო ბოიკოტზე.
ასევე აღნიშნულია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი შეამცირა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტებმა და შუამდგომლობამ მხარეებს შორის მოლაპარაკებებისას.
ნათქვამია, რომ ევროკავშირი გაოგნებული და შეშფოთებული იყო, როდესაც მთავრობამ სიტყვა გატეხა და შეთანხმებაზე უარი თქვა.
„პოლიტიკური რეჟიმისგან შემაშფოთებელი იყო ჩარევა მაღალი დონის სასამართლო გადაწყვეტილებებში ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ. ბოლო შემთხვევა 16 მაისს მოხდა, როდესაც სასამართლომ განაჩენი გამოუტანა და 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორს ნიკა გვარამიას, რომელიც ხშირად აკრიტიკებს ხელისუფლებას. გადაწყვეტილება გამოიტანეს საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადის წარდგენიდან რამდენიმე კვირის შემდეგ და დაახლოებით სამი კვირით ადრე, სანამ ევროკომისია გამოთქვამს აზრს განაცხადზე“, – წერია CEPS-ის მოსაზრებაში.
მათი თქმით, ამ მომენტისთვის ქვეყნისთვის ამ გადაწყვეტილებაზე მეტად დამაზიანებელი ნაბიჯის გადადგმა ძნელად წარმოსადგენია.
„გარე დამკვირვებლები ცდილობენ, გაიგონ, რა განზრახვა აქვს მთავრობასა და ბატონ ივანიშვილს. გონივრულად რომ ვეძიოთ, წევრობის განაცხადი შეიძლება განიხილებოდეს, როგორც სიმბოლური და ზედაპირული ტაქტიკა, რომელიც ცდილობს, დააკმაყოფილოს ქართული საზოგადოებრივი აზრის დიდი უმრავლესობა, რომელსაც სურს ევროპული მომავალი.
ამავდროულად, მთავრობას, როგორც ჩანს, არ აქვს ინტერესი გაწევრების პროცესის წარმატებით განხორციელებაზე და მიდის ისე, რომ დააჩქაროს მისი წარუმატებლობა“, – წერს ევროპული პოლიტიკის კვლევების ცენტრი.
ევროპული პოლიტიკის კვლევების ცენტრის თქმით, ამ პირობებში, ევროკომისიას შეუძლია აღიაროს საქართველოს, როგორც ევროპული ოჯახის, წევრობის პერსპექტივა, მაგრამ ქვეყნისთვის ნაადრევი ჩანს გაწევრების ფორმალური პროცესის გახსნის შეთავაზება.
მათი თქმით, ევროკომისია უნდა დაელოდოს ახალ და უფრო ხელსაყრელ პოლიტიკურ გარემოს საქართველოში, რომელსაც ექნება ჭეშმარიტად დემოკრატიული კულტურა, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა და რომელსაც ექნება მოსახლეობის პატივისცემა.