მთავრობის ადმინისტრაციაში Covid- ვაქცინაციის შესახებ შექმნილი კომისიის წევრების შეხვედრა გაიმართა

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მთავრობის ადმინისტრაციაში, კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის წევრებს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

აღინიშნა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რათა განისაზღვროს ის მაღალი რისკის ჯგუფები, რომლებიც პირველ რიგში უნდა აიცრან.

„ამავდროულად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ ფაქტს, რომ ვაქცინა, რომელიც ქვეყანაში შემოვა, უნდა იყოს აღიარებული და აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს. ასევე, შეფასდა ქვეყანაში არსებული ცივი ჯაჭვის სისტემა, კერძოდ, ვაქცინებისთვის საჭირო ცივი ჯაჭვის მოთხოვნები და მახასიათებლები. მთავრობის მეთაურის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს ვაქცინაცია – უსაფრთხო და ხარისხიანი ვაქცინით, რომელიც აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით განხორციელდება. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ გარდა COVAX პლატფორმისა, აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორებთან და ვაქცინის მწარმოებლებთან“,- წერია მტავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.