მთავრობის განცხადების მიუხედავად, ღია სივრცეში უპირბადობის გამო, კანონით, ვერ დაჯარიმდებით

პუბლიკა

როგორც უკვე ცნობილია, მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო უნდა გახდეს. ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა რეგულაციის დამრღვევების მიმართ სანქციაზეც ისაუბრა.

„20 ლარი, შეგახსენებთ, ეს არის ჯარიმა, რომელიც მოქმედებს დღეისთვის დახურულ სივრცეში, სადაც პირბადის ტარება სავალდებულოა. ჩვენ ვაფართოებთ ამ ნორმას და ხვალიდან პირბადის ტარება სავალდებულო იქნება ღია სივრცეებში“ – თქვა მან.

ჩვენ მთავრობის პრესსამსახურთან დავაზუსტეთ, ნიშნავს თუ არა ეს ნათქვამი იმას, რომ მოქალაქეები ღია სივრცეში პირბადის გაუკეთებლობის შემთხვევაში დაჯარიმდებიან, და მათ ეს დაგვიდასტურეს.

თუმცა ჯარიმის დაწესება არა მთავრობის, არამედ პარლამენტის პრეროგატივაა. პირბადის გამოუყენებლობაზე სანქციებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი აწესრიგებს. კოდექსის 42-ე მუხლი ჩამოთვლის, რა შემთხვევაში რა ფულადი სანქცვია მოქმედებს, მაგრამ ეს სანქციები ეხება დახურულ სივრცეს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ტაქსით გადაადგილებას, მაგრამ არაფერია ნათქვამი საჯარო სივრცეებზე.

არსებობს დადგენილებაც, რომელიც მთავრობას პარლამენტის გარეშე შეზღუდვების გამკაცრების უფლებას აძლევს, თუმცა ის იზოლაციისა და კარანტინის წესებს ეხება, თანაც აქ  სანქცია 2000 ლარიდან იწყება. პირბადეების გამოყენების წესს კი ადმინისტრაციული კოდექსი არეგულირებს და მისი გაფართოების უფლება მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოს აქვს.

ჩვენ მთავრობის ადმინისტრაციას ვთხოვეთ, განმარტების გაკეთება, რასაც დაგვპირდნენ მაგრამ პრესსამსახური რამდენიმე საათია, ჩვენს სატელეფონო ზარს არ პასუხობს. დაკავშირების შემთხვევაში, მათ განმარტებას შემოგთავაზებთ.