მთავრობის ნებართვით არ იქნა გაშვებული მოხალისე მებრძოლებით დატვირთული ბორტი - კობახიძე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ POSTV-ის ეთერში განაცხადა, რომ პოლიტიკურმა ძალებმა რამდენი პროვოკაციაც კი შესთავაზეს მმართველ პარტიას/ხელისუფლებას,  იმდენჯერ მიიღეს რაციონალური პასუხი. მისი თქმით, ამ კუთხით „თვითმფრინავის თემა“ იყო ყველაზე აქტუალური.

„სიფრთხილე, ყურადღება – ეს არის მთავარი, რამდენი პროვოკაციაც შემოგვთავაზეს მათ, იმდენჯერ მიიღეს რაციონალური პასუხი – თვითმფრინავის თემა იყო ყველაზე აქტუალური ამ კუთხით. ძალიან მარტივად იყო აქ საქმე, ანუ საქმე იყო მარტივად, მაგრამ ძალიან რთულ შედეგებამდე მიგვიყვანდა, ჩვენ რომ სხვანაირად არ გვემოქმედა.

როდესაც საუბარი არის იმაზე, რომ შენ შენი ნებართვით უშვებ მოხალისე მებრძოლებით დატვირთულ ბორტს იმ ქვეყანაში, სადაც არის საბრძოლო მოქმედებები, ეს აპრიორი ნიშნავს ქვეყნის ჩართვას საომარ მოქმედებებში, რაც არაერთხელ თქვა არაერთმა ლიდერმა. ბორის ჯონსონმა პირდაპირი განცხადება გააკეთა და ამაზე შორსაც წავიდა…

ჩვენ ესეც კი არ გაგვიკეთებია, ეს რეკომენდაციები და გაფრთხილებებიც არ გაგვიკეთებია. საქართველოდან მიდიან ადამიანები იქ საომრად თავიანთი მარშრუტით. ჩვენ ბევრად უფრო რბილიც კი ვიყავით ამ ყველაფერში. ერთადერთი რაც არ გავაკეთეთ, იყო ის, რომ მთავრობის ნებართვით არ იქნა გაშვებული მოხალისე მებრძოლებით დატვირთული ბორტი, სამხედრო კონფლიქტში.

ეს რომ გაგვეკეთებინა, ეს აპრიორი ნიშნავდა იმას, რომ საქართველო ხდებოდა სამხედრო კონფლიქტის პირდაპირი ნაწილი. ძალიან მარტივად იყო ეს საქმე. ასეთ შემთხვევაში როგორი გაგრძელება მოჰყვებოდა ამას, ყველას შეუძლია ამაზე იმსჯელოს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.