მთავრობის სტრატკომი: პრემიერის ინტერვიუდან ახალგაზრდებზე ყალბი ციტატები ვრცელდება

პუბლიკა

მთავრობის სტრატკომი ავრცელებს განცხადებას, რომ გუშინ „იმედის“ ეთერში ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუს შემდეგ სოციალურ ქსელებსა და პოლიტიკურად ანგაჟირებულ მედიასაშუალებებში ფეიკნიუსები ვრცელდება.

„ყალბი ციტატების ტირაჟირებით ვრცელდება ფეიკნიუსები. განსაკუთრებით აგრესიულად მიმდინარეობს ყალბი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც ეხება პრემიერის განცხადებებს აქციის მონაწილე ახალგაზრდებთან დაკავშირებით“, – ამბობენ მთავრობის სტრატკომში.

სტრატკომის მიერ გამოგზავნილ ინფორმაციაში, სადაც პრემიერ-მინისტრის ციტატაა მოყვანილი, მაგალითად, ამოღებულია ის ნაწილი, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ „აქციაზე რამდენიმე ახალგაზრდას სატანისტების ფორმაც ეცვა”.

„გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ინტერვიუში განაცხადა: „გარდა ამ დესტრუქციული, ანარქისტული მოძრაობის წევრებისა, იქ ძალიან ბევრი გულანთებული მოსწავლეც იყო, ბევრი სტუდენტიც, მაგრამ არა ასეთი აგრესიული, – მშვიდად იდგნენ, აპროტესტებდნენ, უბრალოდ მხარს უჭერდნენ ევროპის იდეას”. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მიუღებელია ახალგაზრდების ნებსით თუ უნებლიეთ ჩართვა დესტრუქციულ პროცესებში“, – ნათქვამია მთავრობის სტრატკომის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილმა 7-9 მარტის აქციებზე საუბრისას თქვა, რომ ძალადობა აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულმა ფრთამ და „გირჩის“ მოძრაობამ და „ფრანკლინის კლუბის” ანარქისტებმა დაიწყეს.

„მე რამდენიმეს ფოტო ვნახე, გაოგნებული დავრჩი, რაღაც სატანისტების ფორმები ეცვათ რამდენიმე ადამიანს, ახალგაზრდებს, მე არ მინდა მათი სახეები ვაჩვენო, მაგრამ ეს არის შემაშფოთებელი, რაც აქ ხდება უბრალოდ“, – თქვა მან.