მთავრობის ადმინისტრაციასთან ონკოპაციენტების აქცია იმართება

პუბლიკა

მთავრობის ადმინისტრაციასთან ონკოპაციენტები აქციას მართავენ, ისინი მკურნალობისთვის დაწესებული ლიმიტის მოხსნას ითხოვენ.

პარალელურად პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე კანცელარიაში პირველ მთავრობის სხდომას მართავს.

ონკოპაციენტები ირაკლი კობახიძის სახელზე ადმინისტრაციაში წერილის შეტანას გეგმავენ. ისინი სთხოვენ პრემიერს, დაინახოს მათი პრობლემები და გაეცნოს მათ მოთხოვნებს.

ონკოპაციენტების მთავარი მოთხოვნაა, გაუქმდეს ლიმიტი – 25 000 ლარი, რომლითაც სახელმწიფო წელიწადში ერთი ონკოპაციენტის მკურნალობას აფინანსებს.

„ბევრ ხარვეზებს ვაწყდებით, ლიმიტი, რომელიც განისაზღვრა 25 000 ლარის ოდენობით, ხშირ შემთხვევაში, არ არის საკმარისი. ამიტომ, ვითხოვთ დაფინანსებას პერსონალურად, საჭიროების მიხედვით. დაფინანსებები აგვიანებს ხშირად, ორი თვის განმავლობაში, კიბო პროგრესირებადი დაავადებაა… თითოეული დღე შეიძლება იყოს გადამწყვეტი ამ ადამიანებისთვის.

ხარვეზები, რომლებიც არსებობს, ძალიან ცუდად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. შეიძლება იყოს სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი ერთი დღის დაგვიანება, მოვედით, რომ პრემიერს შევუგზავნოთ წერილი, მისი მეთვალყურეობით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი და დაგვეხმაროს ჯანდაცვის ხარვეზების გამოსწორებაში”, – ამბობენ ისინი.