მთელი აღდგომის მარხვა მე ვიყავი მონასტერში - მახარაძე

პუბლიკა

მთელი აღდგომის მარხვა მე ვიყავი მონასტერში, – ამის შესახებ პრორუსული პარტია „ალტ-ინფოს” წევრი ზურა მახარაძე აცხადებს.

„რეალურად, ძალიან მჭირდებოდა ეგ თემა, იმიტომ, რომ საკმაოდ რთული პერიოდი იყო პირადად ჩემთვის. ჯერ მამაჩემი გარდაიცვალა, შემდეგ, ჩემი არასწორი ქმედებებიდან გამომდინარე, ოჯახი დამენგრა, რასაც ახლაც ძალიან ვნანობ”, – ამბობს მახარაძე „ალტ-ინფოს” ეთერში. ის კამერებთან ბოლო პერიოდში პირველად გამოჩნდა.

თავის დროზე რატომ არ თქვა, თუ სად აპირებდა წასვლას, მახარაძე ამბობს, რომ ჟურნალისტები შეაწუხებდნენ იმ მღვდლებს, ვინც ის მიიღო და ეს პერიოდი მათთან გაატარა.

მან უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ამ ხნის განმავლობაში მოსკოვში იმყოფებოდა.

„ჯერ ამბობდნენ, რომ მოსკოვში ვარ. თუ გადავწყვეტთ მოსკოვში ჩასვლას, ვიტყვით, რომ მივდივართ, რავი. მოსკოვში ვიზიტი თუ განხორციელდება, რა პრობლემაა… ფაქტია, რომ აქა ვარ და აქ ვიყავი. საზღვრის კვეთა შეუძლიათ გადაამოწმონ, არ მქონია… ყველა დანარჩენი ვერსიაც დაახლოებით ასეა რეალობასთან კავშირში”, – განაცხადა მახარაძემ.

მან ასევე ისაუბრა, პარტიის თავმჯდომარის ცვლილების შესახებ და აღნიშნა, რომ მათ ჯგუფში დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება თავმჯდომარე და ვინ არა. „ამ საქმეს რაც დასჭირდება და როგორც ჯობია, ყოველთვის ისე ვიყავი და ვიქნები მომავალში… საქმისთვის ახლა ნამდვილად ასე ჯობია, დანარჩენი პროცესში გამოჩნდება”.

13 მარტს გავრცელებულ ვიდეოში მახარაძე ამბობს, რომ მას „სხვა ფორმატში, უშუალოდ ადგილზე“ მოუწევს ყოფნა და თბილისიდან გარკვეული პერიოდით მიდის.

„მსოფლიოს გეოპოლიტიკური გადანაწილების პროცესი მიმდინარეობს და იმისთვის, რომ საქართველო გადარჩეს ამ ქარიშხალში, ჩვენც, როგორც „ალტ-ინფოს”, ისე „კონსერვატიულ მოძრაობას”, სხვა ტემპებზე გვიწევს გადასვლა.

აქედან გამომდინარე, მე თვე ან უფრო მეტი ხანი მომიწევს სხვა ფორმატში მუშაობა, უშუალოდ ადგილზე, რაც იმას გულისხმობს, რომ თბილისში ვერ ვიქნები და ეთერებშიც ვერ გამოვჩნდები რაღაც პერიოდი“, – ამბობს მახარაძე ვიდეოში.