თავისი ამოცანა აქვს, რომელიც კონფიდენციალურია - მორგოშია მახარაძის წასვლაზე

პუბლიკა

პრორუსული პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერი ზურაბ მახარაძე ამბობს, რომ მას „სხვა ფორმატში, უშუალოდ ადგილზე“ მოუწევს ყოფნა და თბილისიდან გარკვეული პერიოდით მიდის.

„მსოფლიოს გეოპოლიტიკური გადანაწილების პროცესი მიმდინარეობს და იმისთვის, რომ საქართველო გადარჩეს ამ ქარიშხალში, ჩვენც, როგორც ალტ-ინფოს, ისე კონსერვატიულ მოძრაობას, სხვა ტემპებზე გვიწევს გადასვლა.

აქედან გამომდინარე, მე თვე ან უფრო მეტი ხანი მომიწევს სხვა ფორმატში მუშაობა, უშუალოდ ადგილზე, რაც იმას გულისხმობს, რომ თბილისში ვერ ვიქნები და ეთერებშიც ვერ გამოვჩნდები რაღაც პერიოდი“, – ამბობს მახარაძე ვიდეოში, რომელიც თავად ჩაწერა.

„კონსერვატიული მოძრაობის“ შექმნის შემდეგ ზურაბ მახარაძემ რამდენჯერმე განაცხადა, რომ ისინი რუსეთში შეხვედრებს გამართავდნენ. „პუბლიკამ“ სცადა გაერკვია, სად და რა მიზნით მიდის ამჟამად მახარაძე, მაგრამ პარტიის ლიდერი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

„პუბლიკას“ ესაუბრა პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელს კონსტატინე მორგოშია, რომელიც მახარაძის რუსეთში გამგზავრებას არ ადასტურებს და ამბობს, რომ მას თავისი ამოცანა აქვს შესასრულებელი, რომელიც კონფიდენციალურია.

„ხომ ჩანს რაც თქვა და ამაზე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებთ. რუსეთში მის ვიზიტს არ ვადასტურებთ…

მას აქვს თავისი ამოცანა რაღაცა, რაც დავავალეთ, გადასაწყვეტი და მიხედავს იმას. ამ ეტაპზე, ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს საქმეს და მას თავისი დავავალეთ, რაც არის და ეგ არის კონფიდენციალური და არაა ტელეფონზე თუ ზოგადად სალაპარაკო“, – განუცხადა კონსტანტინე მორგოშიამ „პუბლიკას“.