მთელი ციხე იცინის იმაზე, რომ დღეში 3 ლიტრ ლიმონათს სვამს ეს კაცი | კობახიძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დღეში 3 ლიტრ ლიმონათს ყიდულობს.

კობახიძის მტკიცებით, მალე შესაბამისი უწყებები წარმოადგენენ მტკიცებულებას, რომ სააკაშვილის შიმშილობა იმიტირებულია.

„მთელი ციხე იცინის იმაზე, რომ დღეში 3 ლიტრ ლიმონათს სვამს ეს კაცი, ყიდულობს. დღეში 3 ლ. ლიმონათი არის იმ სირცხვილის გაგრძელება, რასაც წარმოადგენს მიხეილ სააკაშვილი“, – აცხადებს კობახიძე.

კობახიძის განცხადებით, აქვთ ინფორმაცია, რომ სააკაშვილი დღეს გეგმავს ცუდად გახდომას. 

„რაც შეეხება სააკაშვილს და მის იმიტირებულ შიმშილობას, ჩვენ გვაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ ის მაინცდამაინც დღეს აპირებს, რომ გახდეს ცუდად, აპირებს სიმულირებას იმისთვის, რომ თავის მხარდამჭერებში რაღაც ემოციები აღძრას”, – განაცხადა კობახიძემ.


მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. ის უკვე 29-ე დღეა შიმშილობს. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შეიქმნა სამედიცინო კონსილიუმი, რომელიც დაკომპლექტებულია სხვადასხვა დარგის სპეციალისტი ექიმებით. გუშინ მიხეილ სააკაშვილმა სამედიცინო კონსილიუმთან თანამშრომლობაზე და წამლების მიღებაზე უარი განაცხადა.