„მთელი ღამე არ გვძინებია. დავისვენებთ 1-2 დღე და დავიწყებთ მუშაობას“ - ხინჩეგაშვილი

პუბლიკა

„ძალიან რთული წინასაარჩევნო კამპანია გვქონდა – მთელი ღამე არ გვძინებია. ჯერ კიდევ ამ ემოციებში ვართ. დავისვენებთ 1-2 დღე და გუნდთან ერთად დავიწყებთ ჩვენს მომავალ გეგმებზე მუშაობას“, – ამის შესახებ გორის მერობის კანდიდატმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა უახლოეს გეგმებზე საუბრისას.

ხინჩეგაშვილმა ამომრჩეველს ნდობისთვის პირდაპირი ეთერით მადლობაც გადაუხადა.

ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტის შეკითხვაზე – დაურეკა თუ არა ხინჩეგაშვილს კონკურეტმა კანდიდატმა, და „აღიარა თუ არა დამარცხება? მოგილოცათ თუ არა საერთოდ?“ – გორის მერობის კანდიდატი პასუხობს: „პირველი თქვენ ხართ, ვისაც ვესაუბრები და ალბათ დანარეკებიც იქნება. ზუსტად არ ვიცი, ვერ გეტყვით წინასწარ. უნდა ვნახო“.


ცესკოს მონაცემებით, გორის მერის არჩევნები ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა პირველივე ტურში გაიმარჯვა. დათვლიალია უბნების 100%. ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ხმების 52.89% მიიღო. მეორე ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, ვასილ მახარაშვილია ხმების – 31.64%-ით. პარტიის „გახარია – საქართველოსთვის“ კანდიდატს კონსტანტინე ანანიაშვილს ხმების 12.89% აქვს, „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს ეთერ ჯალაღანიას კი – 2.57%.