მტკიცებულება, რომ ქართული გენის ადამიანი უფრო მდგრადია ამ ვირუსის მიმართ, არ არსებობს - ცერცვაძე

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, მტკიცებულება იმის სასარგებლოდ, რომ შესაძლოა საქართველოში ნაკლებად ვირულენტური შტამი ცირკულირებს, არ არსებობს. ასევე არ არსებობს რაიმე მტკიცებულება იმის დასამტკიცებლად, რომ ქართული გენის ადამიანი უფრო მდგრადია ამ ვირუსის მიმართ. ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „პირველთან“ ისაუბრა.

„ფილოგენეტიკურად სხვადასხვა შტამები ცირკულირებს მსოფლიოში და გენეტიკოსების მიერ გაშიფრულია ძირითადი ფინოგენეტიკური შტამები. მათ შორის ჩვენთან საქართველოში არსებული შტამები, მაგრამ არავის დაუმტკიცებია და უნახავს საკმარისი მტკიცებულება იმის დასამტკიცებლად,  რომ ცირკულირებს სხვადასხვა ვირულენტობის შტამის ვირუსი. იყო თავიდან ამაზე გარკვეული მოსაზრება. მაგალითად, როცა იტალიამ ჩინეთს სიკვდილიანობით გაასწრო, იყო საუბარი, რომ იტალიური შტამი უფრო მძიმეა, ვიდრე ჩინური. არ აღმოჩნდა ასე, არანაირი განსაკუთრებული შტამი ვირულენტობის თვალსაზრისით იტალიაში არ აღმოჩნდა.

სადღეისოდ მეცნიერულად დასაბუთებული მტკიცებულება არ არსებობს, რომ საქართველოში ნაკლებვირულენტული შტამია. ჩვენთან ნაკლებვირულენტური შტამი რომ ცირკულირებს ამის ალბათობა ნულის ტოლი თუ არა, ძალიან დაბალია. ჩვენთან ძირითადად შემოტანილი იყო ვირუსი იტალიიდან, ირანიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან იქიდან, სადაც სიკვდილობა მაღალი იყო.

რაც შეეხება იმას, გენეტიკურად ხომ არ განაპირობებს ამას ადამიანის დეტერმინირებული თვისებები, რომ შესაძლოა ქართული გენის ადამიანი უფრო მდგრადი იყოს ამ ვირუსის მიმართ, ეს თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ ძალიან ნაკლებრეალურია და ამის ჰიპოთეზაც კი არავის გამოუთქვამს, არამცთუ მტკიცებულება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოში კორონავირუსისგან 178 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

29 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური სურათი შემდეგნაირია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 517;
  • აქედან, გამოჯანმრთელებული – 178;
  • გარდაცვლილი – 6;
  • კარანტინის რეჟიმში – 5153;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 549;
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3.