მუდმივად მქონდა განცდა, რომ ვარ არა დეპუტატი, არამედ დაკვირვების ქვეშ მყოფი ზღვის გოჭი - წულუკიანი

პუბლიკა

„რატომ არ არის მედია დაშვებული გელათის ტერიტორიაზე? იმიტომ, რომ მაგალითისთვის, როდესაც მე გახლდით პარლამენტის წევრი, მედია არ მაძლევდა მუშაობის საშუალებას და მუდმივად მქონდა განცდა, რომ ვარ არა დეპუტატი, არამედ დაკვირვების ქვეშ მყოფი ზღვის გოჭი“, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანს დაუსვეს შეკითხვა, რატომ არ ეძლევა მედიას საშუალება, გადაიღოს გელათის სამონასტრო კომპლექსში UNESCO-ს ექსპერტების მუშაობის პროცესი.

წულუკიანის თქმით, UNESCO-ს ერთმა ჯგუფმა „დიაგნოზი უნდა დასვას“ გელათის სახურავზე, ხოლო მეორე ჯგუფი იმუშავებს კედლის მხატვრობის დაზიანების დიაგნოსტიკაზე. მინისტრის თქმით, გადაწყვეტილებას სამინისტრო მათი რეკომენდაციის საფუძველზე მიიღებს.

გელათის კომპლექსში ევროპელმა ექსპერტებმა მუშაობა დღეიდან დაიწყეს. კომპლექსი მედიისა და მოქალაქეებისთვის 1 კვირით დაიხურა.

კულტურის მინისტრის მოადგილე კახა სიხარულიძე ამბობს, რომ ექსპერტებმა მედიასთან კომუნიკაცია თავად არ ისურვეს, ამიტომ მათ ვინაობასა და კვალიფიკაციას ვერ დაასახელებს.