გელათის მდგომარეობის შესასწავლად „იუნესკოს“ ექსპერტები მუშაობას 23 ივნისს შეუდგებიან - სამინისტრო

პუბლიკა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, იუნესკოს უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი გელათში არსებულ მდგომარეობას ადგილზე 23-30 ივნისის პერიოდში  შეისწავლის.

სამინისტროს ცნობით, მიუხედავად პანდემიისა, იუნესკოს (UNESCO) უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი საქართველოში ჩამოდის და როგორც კედლის მხატვრობის დაზიანის, ასევე სახურავის მოწყობის ხარვეზების დიაგნოსტიკის მიზნით მუშაობას 23 ივნისს შეუდგება.

„კედლის მხატვრობის ექსპერტები და არქიტექტორ-რესტავრატორები ერთი კვირის განმავლობაში გელათის ძირითად ტაძარზე 2008 წელს შედგენილი პროექტის მიხედვით ჩატარებული გადახურვის სამუშაოების დროს დაშვებული ხარვეზების შედეგად შექმნილ მდგომარეობას შეისწავლიან და შესაბამის რეკომენდაციებს გასცემენ. ექსპერტები ასევე შეისწავლიან კედლის ფერწერისა დაზიანებულ ნაწილებს, რის შემდეგაც ზიანის გამოსწორების მიზნით სამოქმედო გეგმა დაისახება.

სწორედ უცხოელი ექსპერტების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად, ქართველი სპეციალისტების ჩართულობით განისაზღვრება გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული გამოწვევების აღმოფხვრის შემდგომი სამოქმედო გეგმა.

აღსანიშნავია, რომ ექსპერტებს მისიის დასრულებამდე მედიის წარმომადგენლებთან ურთიერთობა არ აქვთ გადაწყვეტილი. ისინი თვლიან, რომ მედიის მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში, მხოლოდ მისიის დასასრულ, თბილისში დაბრუნებისას არის შესაძლებელი შემაჯამებელი ბრიფინგის გამართვა“, – ამბობენ სამინისტროში.

სამინისტროში ამბობენ, რომ 12 ივნისს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი პირადად გაეცნო გელათის სამონასტრო კომპლექსში იუნესკოს ექსპერტების საქართველოში ვიზიტისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს. სამინისტროს ინიციატივით, გელათის ძირითად ტაძარში კედლის ფერწერის სრულფასოვნად შესასწავლად ინტერიერში, ხოლო სახურავის შესასწავლად – გარე პერიმეტრზე, ხარაჩოები აღიმართა, რაც უცხოელ სპეციალისტებს ადგილზე არსებული მდგომარეობის შესწავლის საშუალებას მისცემს.