„მუშაობა აქ არაფერ შუაშია" – ივანიშვილის სანქცირებაზე კობახიძე პრეზიდენტს პასუხობს

პუბლიკა

„თავისთავად გულუბრყვილობაა, რბილად რომ ვთქვათ, ფიქრი იმაზე, რომ ამ ხარისხის უსამართლობა, დაუსაბუთებელი ბრალდებები [რეზოლუციაში] შეიძლება იყოს ვიღაცის კარგი ან ცუდი მუშაობის შედეგი“, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებას, რომ რეზოლუციაში ივანიშვილისთვის სანქციის დაწესების მოთხოვნის წინააღმდეგ „ქართულმა ოცნებამ“ არაფერი გააკეთა.

მისი თქმით, პრეზიდენტს არ უნდა ახასიათებდეს გულუბრყვილობა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, რეზოლუციაში ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციის დაწესების შესახებ ჩანაწერის მიზეზი სალომე ზურაბიშვილს კარგად უნდა გაეანალიზებინა, რაც არ ან ვერ მოახერხა პრეზიდენტმა.

„ეს გულუბრყვილობა შეიძლება ახასიათებდეს ზოგიერთ მოქალაქეს, მაგრამ ადამიანს, რომელსაც ეწოდება საქართველოს პრეზიდენტი, ასეთი გულუბრყვილობა ნამდვილად არ უნდა ახასიათებდეს. რა თქმა უნდა, აქ მუშაობა არაფერ შუაშია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს სრულიად დაუსაბუთებელი ჩანაწერები რეზოლუციაში, რაც, სხვათა შორის, სალომე ზურაბიშვილმაც აღნიშნა. ეს რისი შედეგია, წესით მას უნდა გაეანალიზებინა. ჩვენ თავს ვიკავებთ რაღაცებზე, იმის გამო, რომ ვუფრთხილდებით რაღაცებს. მას ჰქონდა შესაძლებლობა, უკეთესი ანალიზი გაეკეთებინა, რაც ვერ მოახერხა, ან არ მოახერხა“, – თქვა კობახიძემ.

გუშინ, 14 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ბრიუსელში ოფიციალური შეხვედრებისას მას დახვდა ბევრი გაფუჭებული საქმე და მათ შორისაა რეზოლუციაში ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციის დაწესების საკითხი. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მმართველმა პარტიამ არაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ რიგში არ ჩაწერილიყო.

LB loan image desktop LB loan image mobile