მუსლიმთა სამმართველო: ვგმობთ ადიგენში მომხდარს, რელიგიური ნიშნით დევნა მიუღებელია

პუბლიკა

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო ადიგენში რელიგიური ნიშნით დაპირისპირებას ეხმაურება და მომხდარს გმობს. მათი თქმით, კატეგორიულად მიუღებელია ადამიანთა ეთნიკური და რელიგიური ნიშნით დევნა.

„აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება დაცულია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით. შესაბამისად, თითოეულმა მოქალაქემ პატივი უნდა ვცეთ, როგორც კონსტიტუციას, ასევე, ერთმანეთის ღირებულებებს, განსხვავებული ეთნოსისა და აღმსარებლობის ადამიანებს.

მივმართავთ სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს, დროულად მოიკვლიონ მომხდარი ფაქტი და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება. იმედს გამოვთქვამთ სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების რეაგირებით შესაძლებელი გახდება კონფლიქტის მოგვარება, რათა მომავალში აღარ განმეორდეს მსგავსი შემთხვევები, რაც გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ქართულ ტოლერანტულ და შემწყნარებლურ ტრადიციას”, – ნათქვამია განცხადებაში.

ადიგენში რელიგიური ნიშნით დაპირისპირება მოხდა. გუშინ ათობით პირი დაბა ადიგენთან მივიდა და მუსლიმებს ლოცვის ჩატარების საშუალება არ მისცა.

ადგილიდან ვიდეო გაავრცელა გამოცემა ბათუმელებმა, სადაც ჩანს სახლთან შეკრებილი მოქალაქეები, რომელთა შორის არიან სასულიერო პირებიც. ისინი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ სახლში მყოფ პირს და მოითხოვენ, რომ მან სახლი დატოვოს.

როგორც გამოცემა ბათუმელები წერს, დაპირისპირების მოხდა იუსუფ მიქელაძის საკუთრებაში არსებულ სახლთან, სადაც ბოლო წლებია ადიგენში მცხოვრები მუსლიმები იკრიბებიან და პარასკევის ლოცვას აღავლენენ, რასაც მოსახლეობის ნაწილი, მათ შორის სასულიერო პირები აპროტესტებენ.