მუსლიმთა სამმართველომ ჰომოფობიური განცხადება დააბრუნა, წაშლა კი „ხარვეზს“ დაუკავშირა

პუბლიკა

მუსლიმთა სამმართველომ ჰომოფობიური განცხადება ვებგვერდზე დააბრუნა და აღნიშნა, რომ განცხადება ტექნიკური ხარვეზის გამო დროებით მიუწვდომელი იყო ინტერნეტმომხმარებლებისათვის.

იქამდე კი ორგანიზაცია „სოლიდარობის თემმა“ დაგმო დისკრიმინაცია და აღნიშნა, რომ მუსლიმთა სამმართველომ მათთან კონსულტაციის შემდგომ განცხადება ოფიციალური გვერდიდან წაშალა.

ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „როდესაც საუბარია ე.წ. ლგბტქ+ პრაიდის ჩატარებაზე, საქმე გვაქვს არა გამოხატვასთან, არამედ გარკვეული ჯგუფის მიერ საკუთარი ინტიმური ცხოვრების საჯარო პროპაგანდასთან და სხვებისთვის ამის თავსმოხვევასთან. ის რასაც გეგმავენ ე.წ. ,,პრაიდის“ ორგანიზატორები შეუთავსებელია ჩვენი მორალისათვის და წინააღმდეგობაში მოდის ერთობლივი თანაცხოვრებით ჩამოყალიბებულ ფასეულობებთან. ჩვენ უზნეობას ზნეობად ვერ შევრაცხავთ და ვერც ამის მცდელობას შევეგუებით“.

მუსლიმთა სამმართველო აღნიშნავს, რომ საქართველოში ლგბტქ+ ადამიანები არასდროს განიცდიდნენ დევნას თავიანთი ცხოვრების წესის გამო. მსგავსი ,,პრაიდები“ კი მიზნად ისახავს არა ლგბტქ+ ადამიანების უფლებების დაცვას, არამედ დაძაბულობის, კრიზისის შექმნას და საზოგადოებაში დაპირისპირების გაღვივებას.

მსგავსი შინაარსის განცხადება გაავრცელა თბილისის დიდმა სინაგოგამ და ეზიდთა სასულიერო საბჭომ, თუმცა ამ უკანასკნელმა აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ძირითადი საკონსტიტუციო უფლებები, პატივს სცემენ ადამიანის ამოსავალ უფლებებს და გამოხატვის თავისუფლებას და ემიჯნებიან ნებისმიერი სახის დევნასა და ძალადობას.


„პუბლიკა“ ემიჯნება განცხადების ჰომოფობიურ შინაარსს.