მუსლიმთა სამმართველომ ჰომოფობიური განცხადება წაშალა - „სოლიდარობის თემი“

პუბლიკა

„სოლიდარობის თემის“ განცხადებით, „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ“ დღეს საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ჰომოფობიური განცხადება წაშალა, სადაც აღნიშნული იყო, რომ არ დაშვებულიყო „პრაიდის” გამართვა.

„რადგანაც „სოლიდარობის თემისთვის“ მიუღებელია ადამიანების რაიმე ნიშნით დისკრიმინაცია, დავუკავშირდით “სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს”, საკითხის გარკვევის მიზნით. ჩვენი მხრიდან, მკაცრად იქნა დაგმობილი განცხადების შინაარსი და დაფიქსირდა პოზიცია, რომ მიუღებელია მუსლიმი თემის სახელით მსგავსი ძალადობის წამახალისებელი განცხადება კეთდებოდეს“, – აღნიშნულია „სოლიდარობის თემის“ განცხადებაში.

ორგანიზაციის განცხადებით, „სოლიდარობის თემთან“ კონსულტაციის შემდგომ, სამუფთო გაემიჯნა აღნიშნულ განცხადებას, რის გამოც იგი ოფიციალური გვერდიდან წაიშალა.

„მიგვაჩნია, რომ ლგბტქ+ „პრაიდის“ საკითხი არ ეხება მხოლოდ ერთ თემს, დღეს „პრაიდის“ ღონისძიების უსაფრთხოდ და სრულფასოვნად ჩატარება გადამწყვეტია სამოქალაქო მშვიდობისა და სამოქალაქო ინტეგრაციისთვის“, – აცხადებს „სოლიდარობის თემი“.