„მუზეუმის ნამდვილი გამოშიგვნა ახლა დაიწყო“, – ასე აფასებს „საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის მუშაკთა პროფესიული კავშირის“ ხელმძღვანელი ნიკოლოზ წიქარიძე მუზეუმში დღეს განვითარებულ მოვლენებს.
ეროვნული მუზეუმის დირექტორის დავით ლორთქიფანიძის მოადგილემ ნიკა ახალბედაშვილმა დღეს, 24 მაისს მუზეუმიდან 20-მდე თანამშრომელი გაათავისუფლა. ნიკა ახალბედაშვილი ლორთქიფანიძის მოადგილედ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა დანიშნა.
ნიკოლოზ წიქარიძის განცხადებით, მუზეუმიდან თანამშრომლების ნაწილის გათავისუფლება ხელმძღვანელობას დაგეგმილი ჰქონდა, თუმცა ის მიიჩნევს, რომ პროფკავშირის შექმნამ ხელმძღვანელობა კიდევ უფრო გააღიზიანა.
წიქარიძის თქმით, გათავისუფლებული თანამშრომლების 80% რამდენიმე დღის წინ შექმნილი პროფესიული კავშირის წევრები არიან.
ნიკოლოზ წიქარიძის ინფორმაციით, მენეჯმენტი გაჩერებას არ აპირებს და მომდევნო დღეებში 50-70 ადამიანის სამსახურიდან გაშვებას გეგმავს.
„ეს არის ჩვეულებრივი ანგარიშსწორება, როგორ გავბედეთ და პროფკავშირი ჩამოვაყალიბეთ; როგორ გავბედეთ და ამაზე საერთოდ ვილაპარაკეთ. ჩვენ ვცდილობდით კონსტრუქციულობის ხაზისგან არ გადაგვეხვია“, – თქვა მან.
მისი თქმით, სამსახურიდან გათავისუფლებულები არიან არქეოლოგები, ხელოვნებათმცოდნეები, საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამშრომლები და უფროსი მეცნიერები. წიქარიძის თქმით, წულუკიანმა „გაგოშიძეების კლანიდან“ ბოლო თანამშრომელი, არქეოლოგი დათა გაგოშიძეც გაათავისუფლა.
ოფიციალურად რა მიზეზით გაათავისუფლეს თანამშრომლები?– წიქარიძე ამბობს, რომ გათავისუფლების ოფიციალური მიზეზი მუზეუმის თანამშრომლების „არაკომპეტენტურობაა“.
მან „პუბლიკას“ მიაწოდა მუზეუმის ხელმძღვანელობის ბრძანება გათავისუფლების შესახებ. ნიკა ახალბედაშვილის მიერ გაცემულ ბრძანებაში წერია, რომ კომპეტენციის დამდგენი კომისიის შედეგად ნიკოლოზ წიქარიძე გათავისუფლებულია სამსახურიდან და მუზეუმის საფინანსო სამსახურს დაევალა კომპენსაციის გაცემა ერთი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით.
ნიკოლოზ წიქარიძე ამბობს, რომ თანამშრომლების უკმაყოფილება მუზეუმში ჯერ კიდევ პირველ თებერვალს დაიწყო, როდესაც მინისტრ წულუკიანის ბრძანებით მეცნიერებს წვდომა შეეზღუდათ ფონდებში მუშაობაზე. ის ამბობს, რომ მინისტრის ეს გადაწყვეტილება სამეცნიერო და აკადემიური თავისუფლების შეზღუდვაა.
მისი თქმით, ამას თან დაერთო მეორე მნიშვნელოვანი და დამაზიანებელი გადაწყვეტილება, რაც შოთა რუსთაველის ფონდიდან დაფინანსებული პროექტების შეჩერება იყო, რომელიც დადებითად იყო შეფასებული როგორც ფონდის, ისე ევროპის კვლევების ცენტრის მიერ.
ნიკოლოზ წიქარიძის თქმით, პროფკავშირი ბრძოლას აპირებს და მიმართავს ყველა მეთოდს, რომელიც აპრობირებულია და პროფკავშირული ბრძოლის კანონიერ ფარგლებში ჯდება.
„ჩვენ შევქმენით პროფკავშირი იმისთვის, რომ ეს ბრძოლის მეთოდები გამოგვეყენებინა მათ წინააღმდეგ. მათ ძალიან კარგად იციან, რომ პროფკავშირული ბრძოლის მეთოდები გაცილებით უფრო ეფექტურია, ვიდრე ინდივიდუალური. ბოლომდე გამოვიყენებთ ყველა ბრძოლის მეთოდს, რასაც კანონი პროფკავშირული ბრძოლის შესახებ გვაძლევს უფლებას. გამოვიყენებთ ყველაზე რადიკალურ ფორმას, რაც კი არსებობს და ეს იქნება კანონის ფარგლებში“, – თქვა მან.
მისი თქმით, თეა წულუკიანმა კულტურის სამინისტროში მმართველობის ახალი ფორმა შექმნა, რაც მას გამოცდილი ჰქონდა სხვა უწყებებში და რომელიც კულტურის სამინისტროში ვერ და არ იმუშავებს.
წიქარიძე მოუწოდებს კულტურის სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, რომ შეუერთდნენ მათ ბრძოლას.
„ეს არის განსხვავებული აზრის დევნა. ჩვენ განსხვავებული ადამიანები ერთად ვმუშაობდით აქამდე და მეცნიერებას ვუძღვნიდით თავს. თეა წულუკიანის სამინისტროში მოსვლამდე ჩვენზე არ ყოფილა პოლიტიკური ზეწოლა, საერთოდ არ ყოფილა ამაზე საუბარი, არ ყოფილა დაპირისპირება მუზეუმში. ამ ქალბატონმა გამოიწვია ის, რომ ჩვენ ყველა გაგვაერთიანა. რა პოლიტიკური შეხედულებაც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს, პროექტი არ უნდა გაუჩერო და იმიტომ რომ არ გეთანხმება, არ უნდა დასაჯო. თუ ასე ხდება, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ გჭირდება გარშემო მორჩილი უმრავლესობა“, – თქვა მან.
წიქარიძემ ასევე აღნიშნა, მიუხედავად მძიმე სიტუაციისა, მაინც მნიშვნელოვანია, რომ მუზეუმებში და სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებში აპორფესიონალები დარჩნენ, რადგან კულტურულ მემკვიდრეობას სჭირდება ზრუნვა.