„ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატი მაია მწარიაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ ცილისმწამებლურ განცხადებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართავენ. ამის შესახებ მან „ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა.
მწარიაშვილის თქმით, კობახიძე მზია ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმფციას ლახავს და თუ ქართული სასამართლო იტყვის, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია არ დარღვეულა, საქმეს სტრასბურგში წაიღებენ.
„ბატონი კობახიძის ეს განცხადება არ გახლავთ პირველი განცხადება და ეს არამხოლოდ მისი, ასევე სხვა სახელისუფლებო სპიკერების არაერთი განცხადებაა და ორკესტრირებულია. ერთი შინაარსის გარშემო ტრიალებს ყველა ეს განცხადება. თურმე, მზია აკრავდა პოლიციელებს სტიკერებს, თურმე, მზიამ მიიღო დავალება და ეს დავალება პოლიციელების ღირსების შელახვას ეხებოდა.
ეს განცხადებები, გარდა იმისა, რომ ცილისმწამებლურია, ასევე უხეშად არღვევს მზიას უდანაშაულობის პრეზუმფციას.
ჩვენ ამ ცილისმწამებლურ და მისი უფლებების შემლახველ განცხადებებთან დაკავშირებით მივმართავთ სასამართლოს.
არ ვფიქრობდით მიგვემართა ქართული სასამართლოსთვის, ისედაც ვდავობთ სტრასბურგში უკვე გაგზავნილი სარჩელით, მაგრამ მაინც მივმართავთ ქართულ სასამართლოს, სწორედ იმიტომ, რომ ამავე სასამართლოს ვაიძულოთ იმსჯელოს ამ საკითხებზე.
ეს სასამართლოც უნდა ვაიძულოთ, თვითონ თქვან, ასეთი განცხადებები არის თუ არა მზიას უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვეველი განცხადებები, ცილისმწამებლური განცხადებები. თუ იტყვიან, რომ ეს ასეთი არ არის, რა საკვირველია, ამ საქმესაც წავიღებთ სტრასბურგში“, – განაცხადა მაია მწარიაშვილმა.
16 აპრილს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში „ოცნების” პრემიერმა მზია ამაღლობელზე თქვა, რომ „მზია ამაღლობელი მსხვერპლი არ არის. ის კონკრეტულ დაკვეთას ასრულებდა და მისი დავალება იყო პოლიციის დაკნინება და ღირსების შეურაცხყოფა. საპატიმროებში მყოფთა დიდი ნაწილი კი პროპაგანდის მსხვერპლია”.
ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელს მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
11 იანვარს დაწყებულ აქციაზე მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს – თავდაპირველად 11 იანვრის ღამეს, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და მზია ამაღლობელი მეორედაც დააკავეს, უკვე 12 იანვარს, 2 სხვა პირთან ერთად.
13 იანვარს „ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა” გაავრცელა ვიდეო და ინფორმაცია, რომ მათ დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე აგინებს და ვიდეოში ისმის მისი სიტყვები: „სისხლით… ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ, ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“.
15 იანვარს საიას თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ მზია ამაღლობელთან რუსთავის ციხეში ვიზიტის შემდეგ ისაუბრა ირაკლი დგებუაძის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე.
ქურდოვანიძემ აღნიშნა, რომ დგებუაძემ ამაღლობელს სახეში შეაფურთხა, ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს არ ეძლეოდა გარკვეული დროის განმავლობაში წყლის დალევის, ასევე, საპირფარეშოთი სარგებლობის შესაძლებლობა.
მზია ამაღლობელი უსამართლობას 38 დღის განმავლობაში შიმშილობით აპროტესტებდა.