„მწერალთა სახლი საფრთხის ქვეშაა“ | „ლიტერას“ ჟიური ოქტაი ქაზუმოვმაც დატოვა

პუბლიკა

ლიტერატურული კონკურსის „ლიტერას“ ჟიური მთარგმნელმა ოქტაი ქაზუმოვმაც დატოვა. ჟიურის დატოვა ასევე ლელა კოდალაშვილმა და რეზო თაბუკაშვილმა.

„მწერალთა სახლი საფრთხის ქვეშაა და იმედი მაქვს ყველა მოპროტესტე მის დასაცავად მის კიბეებზე გაათენ-დააღამებს ისეთივე მონდომებით, როგორც ახლა იბრძვის სამართლიანად კულტურისგან ასიათასი მილით შორს მყოფი „მილისტის“ წინააღმდეგ. მეც ვტოვებ ჟიურის, “- წერს ოქტაი ქაზუმოვი.


კონკურსი პროტესტის ნიშნად 15-ზე მეტმა ავტორმა დატოვა. კონკურსის მონაწილეები პროტესტის მიზეზად კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას ასახელებენ, რომ „წელს პირველად ჟიურის ერთ-ერთი წევრი სამინისტრომ დანიშნა“ და ბოიკოტს თეა წულუკიანს უცხადებენ.

წერილი გაავრცელეს „ლიტერას“ გრძელ სიაში შემავალმა მწერლებმა, დიზაინერებმა და გამომცემლებმა. ისინი მიმართავენ თეა წულუკიანს დაუყოვნებლივ გაიწვიოს სამინისტროს მიერ დანიშნული ჟიურის წევრი.

„მწერალთა სახლის“ ცნობით, წელს პირველად ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ ჟიურის 5 წევრიდან  4 წევრი მწერალთა სახლმა შეარჩია, ხოლო მეხუთე – საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის N00007864 ბრძანების – „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობების და დაფინანსების წესის შესახებ“ – დანართის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, წარმოადგინა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ.

ასევე წელს პირველად  მწერალთა სახლის პრემიების ახალი დებულების თანახმად, ჟიურის ვინაობა საჯაროა. წლევანდელი ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ ჟიურის შემადგენლობა ასეთია:

  1. ბელა წიფურია – ლიტერატურათმცოდნე
  2. რეზო თაბუკაშვილი – მწერალი
  3. ლელა კოდალაშვილი – მწერალი,  კრიტიკოსი
  4. ოქტაი ქაზუმოვი – ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი
  5. იოსებ ჭუმბურიძე – პუბლიცისტი