„მიუღებლად მიგვაჩნია წლევანდელი ცვლილება“ - მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭოს განცხადება

პუბლიკა

მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭო ლიტერატურული კონკურსის „ლიტერას“ შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„დღეს საჯაროდ გახდა ცნობილი პრემია „ლიტერას“ ორი კონკურსის („ლიტერა“ და „ლიტერა მთარგმნელებისთვის“) ჟიურის დებულებაში შეტანილი ცვლილებების შესახებ, კერძოდ, წელს პირველად პრემიის ჟიურის 1 წევრს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ნიშნავს.

პრემია 2015 წლიდან არსებობს და საქართველოში ლიტერატურული პროცესის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. მთელი ამ წლების განმავლობაში პრემიის ჟიური ირჩეოდა დამოუკიდებლად. მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს მიუღებლად მიგვაჩნია წლევანდელი ცვლილება, რადგან ვფიქრობთ, რომ ჟიურის წევრი არ უნდა იყოს ანგარიშვალდებული საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართ.

მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭოს არ გაგვაჩნია რაიმე სახის იურიდიული ბერკეტი ამის შესაცვლელად, თუმცა ვაფიქსირებთ ჩვენს პროტესტს და გამოვთქვამთ სურვილს, რომ ჟიურის თითოეული წევრი კვლავაც შეირჩეს დამოუკიდებლად, რათა მათ ყოველგვარი წნეხის გარეშე, თავისუფლად გააგრძელონ მუშაობა და ლიტერატურულ პროცესში წვლილის შეტანა, “- ნათქვამია განცხადებაში.

მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან: გიორგი კაკაბაძე, ნატო ალხაზიშვილი, ნიკოლოზ აგლაძე, თამარ კვიჟინაძე, ნინო ფირცხალავა, ალექსანდრე ლორთქიფანიძე.