მზად ვართ აფხაზეთში დაკავების შემთხვევაში დამნაშავე თბილისს გადავცეთ - შამბა

პუბლიკა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შამბას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ზუგდიდში ბანკის დამყაჩაღებელს აფხაზეთში დაიჭერენ, მას თბილისს გადმოსცემენ.

„სოვა ნიუსი“ წერს, რომ მათთან საუბრისას სერგეი შამბამ „არარეალური“ უწოდა თავდამსხმელის აფხაზეთში გადასვლას. თუმცა, მისივე თქმით, მათი ძალები მობილიზებულია და თავდამსხმელის ძებნის ოპერაცია აფხაზეთშიც მიმდინარეობს. ხოლო შეკითხვაზე, გადასცემენ თუ არა მას თბილისს, დაკავების შემთხვევაში, შამბას პასუხი იყო – „რა თქმა უნდა“.

მანამადე აფხაზურ მედიაში გავრცელდა დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ძალების უფროსის, რუსტამ ლატიპოვის კომენტარი, რომელმაც განაცხადა, რომ თავდამსხმელის აფხაზეთში შესვლის აღსაკვეთად ყველაფერს გააკეთებენ.

„სასაზღვრო სამსახურის ძალები რუსეთთან ერთად ყველა საჭირო ზომას მიიღებენ, რომ დამნაშავე აფხაზეთის ტერიტორიაზე ვერ შემოვიდეს“, – განაცხადა რუსტამ ლატიპოვმა. ლატიპოვის თქმით, გასული ღამის განმავლობაში აფხაზეთში ავტომობილი არ შესულა.

21 ოქტომბერს ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალში ნიღბიანი და შეიარაღებული პირი შეიჭრა. მძარცველს რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი მოქალაქეები. მათი გათავისუფლების სანაცვლოდ ის 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს მოითხოვდა.

ოფიციალური ცნობით, სამართალდამცველებმა მძარცველს მოთხოვნილი თანხა გადასცეს. უკანასკნელი ცნობით, ყველა მძევალი თავისუფალია, დამნაშავის დაკავების მიზნით კი, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.