„მზად ვართ არჩევნების ჩასატარებლად?“ - რას ფიქრობს ოპოზიცია არჩევნების გადადების საკითხზე

პუბლიკა

არჩევნების გადადების საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც 23 აგვისტოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დასვა საკითხი, შეიძლება თუ არა მძიმე ეპდისიტუაციის დროს არჩევნების ჩატარება და ხომ არ არის საჭირო შეზღუდვების გამკაცრება, მათ შორის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება.

იგივე შეკითხვები ლომჯარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზეც დასვა და მიმართა ჯანდაცვის სექტორს, შეაფასონ რისკი და გააკეთონ პროგნოზი, რა ელოდება ქვეყანას არჩევნების შემდგომ.

ანომალია“ და „პარადოქსი“ – ასე შეაფასეს სახალხო დამცველის პოზიცია „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებმა და არჩევნების გადადების საკითხის დღის წესრიგში დაყენება „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხების შიშს დაუკავშირეს.

საკითხს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრიც.

„არჩევნები ჩატარდება და „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს. ჩვენ ყველა ქვეყნის გამოცდილება ვნახეთ. პანდემიის დროს, მაშინაც, როცა ვაქცინა ჯერ არ იყო შემოსული, არჩევნების გადადება არავის აზრადაც არ მოსვლია. ერთადერთმა დიქტატორმა, რომლის სახელს არ დავასახელებ, უბრალოდ გააუქმა არჩევნები. თუ „ნაცმოძრაობა“ და სააკაშვილი ამას გვთავაზობენ, ჩვენ არ გაგვიკვირდება, რადგან ვიცით, ეს მათი ხელწერაა“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ბრალდების ადრესატი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და დედაქალაქის მერობის კანდიდატი ნიკა მელია ამბობს, რომ ენმ-ს და ოპოზიციურ პარტიებს არჩევნების გადადება არ სურთ და ეს არც უთქვამთ.

მელიას თქმით, ეპიდემიოლოგებმა და პროფესიონალმა ექიმებმა უნდა თქვან, რა პროგნოზს აკეთებენ, როგორ ხედავენ მომდევნო ერთი თვის განვითარებას.

„ნაცვლად იმისა, რომ გვითხრან, როგორ დაამარცხებენ პანდემიას, რომელიც დღეში 60-70 ადამიანს გვაკარგვინებს მათივე უმოქმედობით, ყურადღება სხვა რამეზე გადააქვთ და პროპაგანდისტულად საუბრობენ, თითქოს ოპოზიციას დაამარცხებენ“, – აღნიშნა მელიამ.

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ პასუხისმგებლიანმა პარტიებმა უნდა დასვან შეკითხვა – მზად ვართ თუ არა არჩევნების ჩასატარებლად.

„როდესაც ამდენი ადამიანი ინფიცირდება, 60-70 იღუპება და სამწუხაროდ, ეს ციფრი სექტემბერში გაიზრდება, ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, ხალხი შიშით არ მივიდეს არჩევნებზე“, – ვარაუდობს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი სერგო ჩიხლაძე.

ოპოზიციონერი ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ „ოცნებას“ ადამიანთა ჯანმრთელობა არ აღელევებს.

„ძალიან მწვავედ და მწარედ მოხვდათ ჩვენი, სხვა ოპოზიციური პარტიებისა და ექსპერტების შეთავაზება არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით. მათ იციან, რაც უფრო გადაიწევს არჩევნები, მათი შანსები კიდევ უფრო მცირე იქნება, რადგან საზოგადოება მათ უთავბოლობას კარგად ხედავს და იაზრებს, რომ ადამიანთა სიცოცხლე არ ანაღვლებთ“, – ამბობს ჩიხლაძე და დასძენს, რომ მისი პარტია კამპანიას უფრო მეტად ონლაინ ატარებს, ვიდრე მოსახლეობასთან პირისპირ კონტაქტით.

გიორგი ვაშაძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს მიმართა, გამოთქვას აზრი, გასამკაცრებელია თუ არა ქვეყანაში რეგულაციები და ასევე გამოხატოს პოზიცია არჩევნებთან დაკავშირებით.

ამ უკანასკნელ შეკითხვაზე გამყრელიძემ გუშინ, 24 აგვისტოს თქვა, რომ პოლიტიკაში არ ერევა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ კი განაცხადა, რომ არჩევნების დღეს ნაკადის მართვა და ვირუსის გავრცელების გაკონტროლება შესაძლებელია.

გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ გადაწყვიტა, ბათუმში კანდიდატების წარდგენის ღონისძიება სტუმრების გარეშე ჩაატაროს.

პარტიის წარმომადგენელმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ წინასაარჩევნო პოპულიზმს გადააყოლა ადამიანების სიცოცხლე, როცა პირბადის ტარების სავალდებულობა მოხსნეს და რეგულაციების დაცვა ფორმალობად აქციეს.

„მათ არ უწარმოებიათ ვაქცინაციის სწორი და ეფექტური კამპანია და არ გაუთვალისწინებიათ პროფესიონალების რეკომენდაციები“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ მომავალი არჩევნები „ქართულ ოცნებას“ უკვე წაგებული აქვს. მისი პოზიციით, არჩევნებს გადადებენ თუ არა გადადებენ, ეს გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული პანდემიის გამო, ამის ამოსავალი წერტილი იქნება, პოლიტიკურად რამდენად მომგებიანი იქნება არჩევნების გადადება.

„გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია კი ფიქრობს, რომ სახალხო დამცველის განცხადებას არჩევნების ჩატარების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით ოპოზიცია არ უნდა აჰყოლოდა, რადგან ეს მათთვის წამგებიანია. ხვიჩიას შეფასებით, ლომჯარიას განცხადება არასერიოზულია, რადგან მის მიერ დასახელებული მიზეზები არ შეიძლება გახდეს არჩევნების გადადების საფუძველი.

„ჩემი აზრით, ეს ყველაფერი არის „ქოც-ნაცური“ კინკლაობის ამბები, რომელსაც დიდ ყურადღებას აღარ ვანიჭებ იქიდან გამომდინარე, რომ ეს არასოდეს მთავრდება და სულ ერთნაირია. საქმეზე კი არ არის საუბარი, არამედ მეორე მხარის დამცირებასა და ბულინგზე და იმდენი ხანია ეს გრძელდება და იმდენად ერთფეროვნად, რომ ჩემთვის ცოტათი მოსაწყენიც კი გახდა“, – განაცხადა ხვიჩიამ.

„არჩევნების გადადების მექანიზმი არ არის არანაირად ოპოზიციის ხელში. ბუნებრივია, თუ ეს საკითხი დადგება დღის წესრიგში და ხელისუფლებას აქვს უპირველეს ყოვლისა პასუხისმგებლობა ამაზე, ჩვენ მზად ვართ, რომ კონსულტაციებში ჩავერთოთ, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა.

თბილისის მერობის კანდიდატი, პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე კი გარკვეული გრაფიკით არჩევნების გადადებას გონივრულად მიიჩნევს.

„უტრანსპორტობის პირობებში, იმ პირობებში, როდესაც კომუნიკაციის დროს ყოველდღიურად საფრთხის ქვეშ ვაგდებთ ჩვენი გუნდის წევრებს და ასევე მოქალაქეებს, არჩევნების ჩატარება გაჭირდება. ეს ვერ იქნება დემოკრატიული არჩევნები. ამიტომ, გარკვეული გრაფიკით არჩევნების გადადება იმ პირობით, რომ ხელისუფლება რეალურ ზომებს მიიღებს პანდემიასთან საბრძოლველად, პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან გონივრულ და პასუხისმგებლიან ქცევად მიმაჩნია. შესაბამისად, ამ დისკუსიას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

ოპოზიციის ბრალდებებისა და შეკითხვების საპასუხოდ ხელისუფლება აცხადებს, რომ უსაფრთხო კამპანიისა და არჩევნების ჩასატარებლად ყველა ზომა მიიღეს. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ცესკოსთან, რომელსაც რეკომენდაცია მიეცა, აიცრას არჩევნებში მონაწილე პირები და მაქსიმალურად დაიცვან ყველა რეგულაცია.

„ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებიდან ირკვევა, რომ პრემიერი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას არ აპირებს, რის გარეშე არჩევნების გადადება შეუძლებელია.