ომბუდსმენი ისევ არჩევნების რისკების შეფასებას მოითხოვს | „ოცნება“ ლომჯარიას განცხადებას პარადოქსს უწოდებს

პუბლიკა

„სამწუხაროა, რომ ნებით თუ უნებლიეთ, სახალხო დამცველი მოხვდა ამ კამპანიაში და მისი ნაწილი გახდა. არ გამოვრიცხავ, მე კარგად ვიცნობ ნინო ლომჯარიას და არ მინდა მას დავაბრალო, რომ გარე სპიკერი აღმოჩნდა „ნაცმოძრაობისა“ და სააკაშვილის დავალების შემსრულებელი, მაგრამ როგორც მინიმუმ, ის შეცდომაშია შეყვანილი, რადგან პარადოქსია, როცა სახალხო დამცველის მხრიდან გვესმის მოწოდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ, რომლის გარეშეც არჩევნების გადადება არის შეუძლებელი“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძე გამოეხმაურა ომბუდსმენის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები უნდა მსჯელობდნენ, მძიმე კოვიდვითარებაში შეიძლება თუ არა არჩევნების ჩატარება.

ნინო ლომჯარიას მდინარაძის ამ განცხადების შეფასება სთხოვეს.

მისი თქმით, არჩევნების ჩატარება დღეს არა პოლიტიკური, არამედ ეპიდემიოლოგიური და ადამიანის უფლებების საკითხია. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები საუბრობენ, რომ სექტორი გადატვირთულია და ჭირს პაციენტებისთვის სათანადო დახმარების გაწევა.

„მოგეხსენებათ, შარშან არჩევნების შემდგომ როგორ გაიზარდა ინფიცირებულების რიცხვი. ეპიდემიოლოგებიც აღიარებენ, რომ არჩევნები არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც ზრდის ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობას.

ლოგიკურად, როდესაც ჯანდაცვის სექტორი არის იმდენად გადატვირთული, რომ ვსაუბრობთ საველე ჰოსპიტლებზე, ვსაუბრობთ სტუდენტები ჩავრთოთ მომსახურების სფეროში, ვინაიდან ადამიანური რესურსის ნაკლებობა გვაქვს, თუკი ყველა ვაღიარებთ, რომ არჩევნები ზრდის მობილობას და ზრდის ინფიცირებულთა რაოდენობას, მაშინ რა გეგმა აქვს სახელმწიფოს ერთ თვეში, როდესაც გვექნება არჩევნები და დიდი ალბათობით კიდევ გაიზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა, რატომ ვიღებთ ამ გადაწყვეტილებას ადამიანების სიცოცხლის უფლების ხარჯზე, იმიტომ, რომ ერთ თვეში, როდესაც ასეთი მოლოდინი გვაქვს, შესაძლოა, ჩვენ, ჩვენმა ახლობელმა, ჩვენმა ოჯახის წევრმა, ვერ მიიღოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.

ჩემი მიმართვის ადრესატი იყო პრემიერი, მას აქვს უფლება, გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა, რაც არჩევნების გადადების ერთადერთი საფუძველია. საგანგებო მდგომარეობის საფუძველი არის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა.

ასევე მივმართავ ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს, ეპიდემიოლოგებს, გააკეთონ პროგნოზი და გვითხრან, ინფიცირებულების რამდენად ზრდას ელოდებიან არჩევნების შემდგომ, თუ არის მზად ჯანდაცვის სექტორი და ხომ არ გამოიწვევს ეს უფრო მეტი ადამიანის დაღუპვას. თუ ჩვენ შეგვიძლია, თავიდან ავიცილოთ უფრო მეტი ადამიანის გარდაცვალება, მაშინ რატომ არ ვდგამთ ამ ნაბიჯს?

პოლიტიკოსებს მოვუწოდებ, დაიწყონ ამ საკითხზე მსჯელობა და შეაფასონ ის რისკები, რომლებიც შეიძლება ახლდეს არჩევნების ჩატარებას“, – განაცხადა ლომჯარიამ.