არ ვერევი ამ პოლიტიკაში და დამანებონ რა თავი - გამყრელიძე არჩევნების გადადებაზე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მოუწოდებს დებატებისთვის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მივიდეს და იქ განიხილოს ეპიდსიტუაცია და არა ტელევიზიით, „პოლიტიკური ქულების დასაწერად“.

„ჯობია, რომ იქ იყოს დებატები ვიდრე ჩვენ, სახალხოდ, ტელევიზორში ერთმანეთს დავუპირისპირდეთ და იყოს მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ აი, ვინ მეტ პოლიტიკურ ქულას დაიწერს. მე არ ვერევი ამ პოლიტიკაში და დამანებონ რა თავი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძე „TV პირველის“ ეთერში ლომჯარიას განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ომბუდსმენი ამბობს, რომ არსებული ეპიდვითარების ფონზე საჭიროა პოლიტიკური დისკუსია, რამდენად მიზანშეწონილია არჩევნების ჩატარება.

„პატივს ვცემ ქ-ნ ნინოს. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, არ უნდა იყოს ეს პოლიტიკურ თემად აწეული. ქ-ნ ნინოს აქვს უფლება და შეიძლება მობრძანდეს საკოორდინაციო საბჭოზე და იქ იყოს ამ საკითხებზე დებატები“, – აღნიშნა გამყრელიძემ

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რატომ არ შეიძლება შეაფასოს გამყრელიძემ ვითარება, ეპიდემიოლოგიური ფონი გაუძლებს თვითმმართველობის არჩევნებს თუ არა, ის პასუხობს:

„2004 წელს, როდესაც მე დავტოვე პოლიტიკური პოსტი, უფრო მაღალი პოზიცია, ვიდრე დღეს მიჭირავს… ჩემი პოზიცია არ არის პოლიტიკური, ხომ? კი, მე ვარ სახელმწიფოს დაქვემდებარებული, ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული ინსტიტუცია, მაგრამ მე არ ვარ პოლიტიკური ინსტიტუცია. ამიტომ, მე გავურბივარ ყოველთვის პოლიტიკურ შეფასებებს.

განა იმიტომ, რომ არ შემიძლია… რაღაც გამოცდილება, ხომ მიცნობთ დიდი ხანი, მაქვს და შემიძლია შევაფასო, მაგრამ მე რომ ახლა პოლიტიკური განცხადებები ვაკეთო, იმ საქმეს რასაც დღეს მე ვაკეთებ, ვინ გააკეთებს?! ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკაში უნდა ჩავერიო, იქ ვიღაცას ვუპასუხო, ამას ვუპასუხო, ვიღაცა დავიცვა, ის არ დავიცვა…. მოდით რა დამანებეთ ამ მხრივ თავი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რატომ ესწრება მაშინ გამყრელიძე პოლიტიკურ თავყრილობებს, მან განაცხადა, რომ ის არ დასწრებია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის წარდგენას 20 ივლისს. თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ ის მხოლოდ ერთხელ იყო „ოცნების“ პოლიტიკურ ყრილობაზე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, „რიცხვები მეტყველებს იმაზე“, რომ 2020 წლის ნოემბრის პიკის დროს არჩევნები ერთ-ერთი ბუსტერი იყო ინფიცირებულების რაოდენობის ზრდის.


გუშინ ლომჯარიამ განაცხადა, რომ პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები უნდა მსჯელობდნენ, ასეთ ვითარებაში შეიძლება თუ არა არჩევნების ჩატარება. ლომჯარიას განცხადება კრიტიკულად შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მისი შეფასებით, როცა სახალხო დამცველი საუბრობს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე, ეს ანომალიაა.

ამავე თემას ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიაც. ის აცხადებს, რომ თუკი ეპიდემიოლოგები გასცემენ რეკომენდაციას, რომ ეპიდვითარების გათვალისწინებით უმჯობესი იქნება არჩევნების გადადება, მაშინ რეალობას თვალს გაუსწორებენ. „ენმ-ის“ კიდევ ერთი წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ „საშინელება და საცოდაობაა წამყვანი ეპიდემიოლოგების დუმილი, კონფორმიზმი და იმის მტკიცება, რომ პოლიტიკაში არ ერევიან“.