საშინელება და საცოდაობაა წამყვანი ეპიდემიოლოგების მტკიცება, რომ პოლიტიკაში არ ერევიან - დეკანოიძე

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და „ენმ“-ის ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აკრიტიკებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს, მის მოადგილეს, პაატა იმნაძესა და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურ დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს.

„რა საშინელება და საცოდაობაა წამყვანი ეპიდემიოლოგების დუმილი, კონფორმიზმი და იმის მტკიცება, რომ პოლიტიკაში არ ერევიან. ამ დროს, დადიან პარტიის თავყრილობებსა და პრეზენტაციებზე.

რა საცოდაობაა სკამის შესანარჩუნებლად გაჩუმებული გამყრელიძე, იმნაძე და ცერცვაძე.იმის მაგივრად განგაშის ზარს სცემდნენ და ხელისუფლებას აწიოკებდნენ. გამოდით და თქვით საჯაროდ ყველაფერი! რა საცოდაობაა რიგით ექიმებზე ამოფარებული ეს სამი ადამიანი. (ხელისუფლება რაც არის ვიცით..)“, – წერს დეკანოიძე.


გუშინ ლომჯარიამ განაცხადა, რომ პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები უნდა მსჯელობდნენ, ასეთ ვითარებაში შეიძლება თუ არა არჩევნების ჩატარება. ლომჯარიას განცხადება კრიტიკულად შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. მისი შეფასებით, როცა სახალხო დამცველი საუბრობს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე, ეს ანომალიაა.

ამავე თემას ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიაც. ის აცხადებს, რომ თუკი ეპიდემიოლოგები გასცემენ რეკომენდაციას, რომ ეპიდვითარების გათვალისწინებით უმჯობესი იქნება არჩევნების გადადება, მაშინ რეალობას თვალს გაუსწორებენ.