„ქართული კინო საფრთხეშია“: არ დავუშვებთ საბჭოთა ცენზურის ნორმალიზებას!

პუბლიკა

მოძრაობა „ქართული კინო საფრთხეშია“ ჰომოფობიური საკონსტიტუციო პროექტის განხილვაზე უმრავლესობის წევრების მიერ ხელოვნების ნაწარმოების ცენზურაზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

„ათ თვეზე მეტია კინემატოგრაფისტები, ფაქტებზე დაყრდნობით, ვაცხადებთ, რომ ქართული თანამედროვე კინო ცენზურის საფრთხის ქვეშაა. დღეს კი, რუსული კანონის კვალდაკვალ, ეს საკითხი კანონმდებლობის დონეზე განიხილება.

„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო კანონპროექტის საჯარო განხილვისას, მმართველი პარტიის წევრები დაუფარავად საუბრობენ ცენზურის საჭიროებაზე:

◾„ამ საკითხს დაარეგულირებენ შესაბამისი სამსახურები..” – ანრი ოხანაშვილი.

◾„…ასევე შეიძლება გააკეთო იმგვარად რომ ეს ნაწილი იყოს ამოღებული.. ჩვენ ამას რომ ვსწავლობდით, მე პირადად მაშინ გავიგე ბევრი ძალიან ცნობილი ფილმის შესახებ, რომლებიც იმ პერიოდში [საბჭოთა კავშირის დროს] თურმე ყოფილა ნახევარი საათით მეტი, ორსაათიანი ფილმი რომ გვაქვს ახლა ნანახი ორსაათნახევრიანი იყო და ასეთი რაღაცების ამოღების გამო გახდა ორსაათიანი” – მამუკა მდინარაძე.

საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის თანახმად, ,,შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში ცენზურა დაუშვებელია”.

ჩვენ არ დავუშვებთ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასა და საბჭოთა ცენზურის ნორმალიზებას! ამ ბრძოლაში ვიქნებით უკომპრომისოები!

რა ცენზურას! არა რუსულ კანონებს!“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო კანონპროექტი ცენზურას ითვალისწინებს. დეპუტატები არ გამორიცხავენ, რომ ფილმებიდან კონკრეტული ადგილები ამოიჭრება. მათ ვრცლად ამის შესახებ საყოველთაო სახალხო განხილვისას ისაუბრეს.