პაპუაშვილი: ამდენი მოწოდების ნაცვლად, ხომ უფრო მარტივი იქნებოდა, გასაჯაროვდეს აშშ-ის ბიუჯეტიდან შემოსული ფული

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 14 სენატორის წერილს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს საკვირველი და იმედგამაცრუებელია.

„ცოტა საკვირველი და იმედგამაცრუებელია, რა თქმა უნდა, ასეთი პოზიციები. გასაკვირია იმის, გამო, რომ ქვეყანა, რომელშიც უფრო მკაცრი კანონები მოქმედებს, ჩვენ მოგვიწოდებს, რომ არ მივიღოთ ასეთი კანონი.

იმედგამაცრუებელია იმიტომ, რომ ის ღირებულებები, რომელზეც არის ხოლმე საუბარი და რომელზეც ჩვენ გვესაუბრებიან, თავად არ არის სრულად ამ ღირებულებების ფარგლებში, რომ გამჭვირვალობა განმსაზღვრელი პრინციპია, რომ კანონის უზენაესობა და დემოკრატია მთავარი პრინციპი.

საბოლოო ჯამში, ჩვენთვის, კიდევ ერთხელ, გადამწყვეტია ის, რომ ამ სფეროში გვქონდეს გამჭვირვალობა და ამ მოწოდებების ფონზე, გასაკვირია, რომ ამდენი მოწოდების ნაცვლად, ხომ უფრო მარტივი იქნებოდა თუნდაც კონგრესისთვის თუ სენატისთვის, რომ იზრუნონ და გასაჯაროვდეს ამერიკის ბიუჯეტიდან საქართველოში შემოსული ფული“, – განაცხადა მან.

პაპუაშვილმა „ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდი“ კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ფინანსების გაუმჭვრვალობაში და  გამჭვირვალობაზე პაპუაშვილისთვის მიცემული პირობის გატეხვაში.

„შემთხვევით ვიგებთ ხოლმე, რომ აშშ-ის ბიუჯეტიდან ფული, ამერიკელი მოქალაქეების ფული იხარჯება შემოვლითი გზით პარტიების დაფინანსებაში, რადიკალური ჯგუფების დაფინანსებაში, დეზინფორმაციული ჯგუფების დაფინანსებაში, რაც რა თქმა უნდა, კარგი არ არის ქართული საზოგადოებისთვის და საბოლოო ჯამში, ჩრდილს აყენებს თავად ამერიკულ დახმარებას საქართველოში“, – თქვა მან.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, უარგუმენტო საერთაშორისო გამოხმაურებებისა თუ რეაქციების შემდეგ აღქმა რჩება, რომ სინამდვილეში პრობლემაა, რომ არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც გაურბიან გამჭვირვალობას.

„რჩება ისეთი აღქმა, რომ სინამდვილეში პრობლემა არის არა კანონთან დაკავშირებით და მის შესაბამისობაში ღირებულებებთან, არამედ პრობლემაა ის, რომ არსებობენ გარკვეული ორგანიზაციები, რომლებსაც არ უნდათ, საჯარო გახდეს მათი ფინანსები. გამჭვირვალობა ერთი მხრივ კარგია, მაგრამ გამჭვირვალობას გაურბის ის, ვინც რაღაცას მალავს. აქედან გამომდინარე, ვინც ყველაზე ხმამაღალი კრიტიკოსია ამ კანონისა, თუკი დაუფიქრდებით, მათ უკან აღმოვაჩენთ იმ ფონდებს, რომლებიც მალავენ თავის ფულს საქართველოში“, – განაცხადა მან.


„ამერიკის ხმის” ცნობით, შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიცირებული უცხოური აგენტების კანონპროექტი კანონი გახდება, ისინი იძულებულნი იქნებიან წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ.