მზად ვართ, გამოვყოთ თანხა მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოსაგვარებლად - კალაძე

პუბლიკა

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, მიუსაფარი ცხოველების საკითხი დიდი გამოწვევაა, თუმცა მისი მოგვარება მხოლოდ მუნიციპალურ დონეზე შეუძლებელია და ამიტომ მნიშვნელოვანია იმ კანონპროექტის მიღება, რომელზეც ახლა პარლამენტი მუშაობს.

კალაძის თქმით, კანონპროექტის შემუშავებაში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოც არის ჩართული და მისი მეშვეობით შეძლებენ მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის უფრო ეფექტიანად მართვას. მუნიციპალიტეტი კი, თავის მხრივ, მზადაა, ამ მიმართულებით დედაქალაქის ბიუჯეტიდან  შესაბამისი თანხა გამოყოს.

„მესმის, რომ სერიოზული გამოწვევაა, მაგრამ მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ თუ საკანონმდებლო დონეზე არ დარეგულირდება ეს ყველაფერი და არ მოექცევა ჩარჩოში, რაიმე პროექტის განხორციელება შეუძლებელი იქნება.

ამიტომ, ძალიან მიხარია, რომ კანონპროქტზე მიმდინარეობს მუშაობა და მსჯელობაში ჩართვის შესაძლებლობა ექნება ყველა დაინტერესებულ პირს. ჩვენი მხრივ კი, მუნიციპალიტეტი მზადაა, გამოვყოთ თანხა, რათა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები პრობლემის მოსაგვარებლად“, – განაცხადა კალაძემ.

კალაძის თქმით, კანონპროექტში ცხოველთა პოპულაციის მართვისთვის მნიშვნელოვანი საკითხებია გაწერილი. ჩარჩოში მოექცევა ცხოველების გამრავლება, მათი აღრიცხვა-რეგისტრაცია, მეპატრონეების მხრიდან ცხოველების მიტოვება, ცხოველების ორთაბრძოლების აკრძალვა და სხვ.

„ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად შეიძლება გამოვყოთ ინოვაციური მიდგომა ცხოველთა მიკვლევადობის მიმართულებით, რაც ცხოველთა მიტოვებას და მათ უკონტროლო გამრავლებას მაქსიმალურად გამორიცხავს.

კანონპროექტში გათვალისწინებულია შესაბამისი სისხლის და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძვლები ცხოველებისადმი არასათანადოდ მოპყრობის შემთხვევებისას და ასევე, ცხოველის მიერ მესამე პირისთვის ზიანის მიყენებისას, რაც გამოწვეულია მეპატრონეების მიერ აუცილებელი უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფით“, – თქვა კახა კალაძემ.