მზად ვართ, ომბუდსმენს ბაჩალიაშვილის საქმის მასალები ნებისმიერ ეტაპზე გავაცნოთ - პროკურატურა

პუბლიკა

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ უწყება მზად არის სახალხო დამცველის მხრიდან მიმართვის შემთხვევაში, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების მასალები გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე გააცნოს.

„აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურის წარმომადგენლებს სახალხო დამცველის აპარატთან შესაბამისი კომუნიკაცია ექნებათ და ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებს საშუალება მიეცემათ გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის მასალებს, “- ამბობენ პროკურატურაში.

დღეს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯრაიამ განაცხადა, რომ ის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახთან შეხვედრას გეგმავს.

ომბუდსმენის თქმით, შეხვედრა ოჯახის ინიციატივით გაიმართება:„ამის შემდგომ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა მიმართულებით უნდა ჩაერთოს სახალხო დამცველი ჩვენი მანდატის ფარგლებში. იქიდან გამომდინარე, რომ დღემდე ჩვენამდე არ მოსულა საქმის მასალები და ის არ არის ჩვენთვის ხელმისაწვდომი, საქმის გარემოებებთან დაკავშირებით შეფასებებს ვერ გავაკეთებ. ვხედავ, რომ ოჯახი გამოძიების მისამართით სერიოზულ უკმაყოფილებას გამოთქვამს, ამიტომ მნიშვნელოვანი იქნება შეხვედრა“, – განაცხადა ლომჯარიამ.