მზად ვართ, საქართველოს მივცეთ კანდიდატობა ევროკომისიის პრიორიტეტების შესრულების შემდეგ - EU-ს გადაწყვეტილების სამუშაო ვერსია

პუბლიკა

„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების სამუშაო ვერსიას ავრცელებს.

რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭებათ. მომდევნო ნაბიჯებს კი მას შემდეგ გადადგამენ, რაც ეს ორი ქვეყანა შეასრულებს ევროკომისიის რეკომენდაციებს.

გადაწყვეტილების ეს სამუშაო ვერსია თანხვედრაში მოდის ევროკომისიის შეფასებასთან. როგორც იოზვიაკი წერს, ევროკომისიის შეფასებასთან თანხვედრაში მოდის გადაწყვეტილება საქართველოს შესახებაც.

„ევროპული საბჭოს სამუშაო ვერსიაში აღნიშნულია: ევროპული საბჭო მზადაა, მისცეს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, მას შემდეგ, რაც წევრობის შესახებ განაცხადთან დაკავშირებით, ევროკომისიის მოსაზრებაში საქართველოსთვის დასახული პრიორიტეტები შესრულდება“, – წერს რიკარდ იოზვიაკი.


17 ივნისს ევროკომისიამ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შესახებ თავისი მოსაზრებები წარმოადგინა. ევროკომისია რეკომენდაციას უწევს უკრაინასა და მოლდოვას, რომ თანდართული პირობებით კანდიდატის სტატუსი მიიღონ.

საქართველოს შემთხვევაში კი ევროკომისია მხარს უჭერს ქვეყნისთვის ევროპული მომავლის დადასტურებას და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მოგვიანებით, თუკი ის ევროკომისიის მიერ გაწერილ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს.

LB loan image desktop LB loan image mobile